სვანეთი, ლანდშაფტური მრავალფეროვნებისა და მდიდარი თვითმყოფადი ისტორიულ-ეთნოგრაფიული და კულტურული გარემოს თვალსაზრისით, საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა. იგი ოდითგანვე იპყრობდა ტურისტთა დიდ ყურადღებას. მაგრამ დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და საბჭოთა კავშირიდან გასვლის შემდეგ საქართველო განიცდის გარდამავალ პერიოდისათვის დამახასიათებელ სოციალურ-ეკონომიკურ დაქვეითებას. ამის გამო სვანეთის ტურისტულ-რეკრიაციული პოტენციალის აღდგენა და განვითარება დიდ სიძნელეებს აწყდება. დღეისათვის სვანეთში საოჯახო ტურისტული ბიზნესის განვითარებას ალტერნატივა არ გააჩნია, მითუმეტეს რომ ბიზნესის ეს სახეობა ასაქმებს მოსახლეობის ფართო სპექტრს (მასპინძელი ოჯახები, ტურისტების პროდუქტებითა და ადგილობრივი ხალხური ნაწარმით მომარაგება, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, ცხენებით, გამყოლებით მომსახურება, მუზეუმების, ხალხური ანსამბლების და სხვა სანახაობითი დაწესებულებების მონახულება) და უზრუნველყოფს სიღარიბის ზღვარზე მყოფ ადგილობრივ მოსახლეობას დამატებითი შემოსავლებით.

გაითვალისწინა რა სვანეთში საოჯახო ტურისტული ბიზნესის განვითარების პერსპექტივები, ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან - "საქართველოს მთის მოყვარულთა კავშირი" (GUMA) ერთად შეიმუშავა ზემო სვანეთში (მესტიის რაიონი) საოჯახო ტურისტული ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი მრავალწლიანი პროგრამა.

პროგრამის მიზნებია:

  • ტურისტული ბიზნესით დაინტერესებული ოჯახების გაერთიანება და მათი მომზადება ამგვარი საქმიანობის ორგანიზაციისა და მართვისათვის;
  • არსებული საოჯახო-ტურისტული ინფრასტრუქტურის შესწავლა და მისი განვითარების ხელშეწყობა;
  • ქვეითი და საცხენოსნო ტურისტული მარშრუტების დაკვალვა-მარკირება;
  • ტრენინგ-სემინარების ჩატარება ტურისტული საოჯახო ბიზნესით დაინტერესებულ ოჯახებისა და გამყოლებისათვის;
  • სვანეთის ტურისტული რესურსების პოპულარიზაცია;
  • ტურისტულ სამყაროსთან დაკავშირება და ტურისტული მომსახურეობის სერვისის შეთავაზება;
  • ტურისტული რუკების, ბუკლეტების გამოცემა, სამახსოვრო ალმებისა და მედალიონების გამოშვება და ტურისტების მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა;

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შესრულებული საქმიანობის შედეგად 2005 წელს:

  • ზემო სვანეთის ექვს თემში (ბეჩო, მესტია, მულახი, იფარი, კალა, უშგული) გამოიკვეთა ტურისტული ბიზნესით დაინტერესებული ოცდაათამდე ოჯახი;
  • ჩატარდა ტრენინგ-სემინარები;
  • ტრენინგ-სემინარის მასალების საფუძველზე გამოიცა და მოსახლეობაში გავრცელდა მეთოდური სახელმძღვანელო - “საოჯახო ტურისტული ბიზნესი. ორგანიზაციისა და მართვის თავისებურებანი”;
  • ადგილობრივი მეგზურების მონაწილეობით დაიკვალა ოთხი ქვეითი და ერთი საცხენესნო სამთო-ტურისტული მარშრუტი.

აღნიშნულმა ღონისძიებებმა მკვეთრად გაზარდა მოსახლეობაში ტურისტული ბიზნესით დაინტერესება და მოითხოვა დაწყებული საქმიანობის გაგრძელება და გაღრმავება. ამ მიზნით 2006 წელს ჩატარდა უფრო ფართო მასშტაბიანი ტრენინგები და მომზადდა წინამდებარე ვებ-გვერდი.

2006 წელს სვანეთში საოჯახო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროცესში აქტიურად ჩაერთო შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს SDC-ის სამხრეთკავკასიის ოფისი, რომელმაც პროგრამის წარმატებულად განხორციელების მიზნით შეიძინა და გაარემონტა ორსართულიანი შენობა დაბა მესტიაში.

FES, SDC და GUMA-ს ხელშეწყობით დაბა მესტიაში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით 2006 წელს დაფუძნდა არასამთავრობო ორგანიზაცია (კავშირი) - სვანეთის სამთო-ტურიზმის ცენტრი (SMTC), რომელიც განთავსდა ზემოთ ხსენებულ შენობაში მისამართზე: მესტია, ვიტორიო სელას შეს. #7.

ცენტრის მიზანია: გააფართოვოს ტურისტულ საქმიანობაში ჩართული მოსახლეობის სფერო, ტრენინგების მეშვეობით მოამზადოს ისინი მაღალხარისხოვანი ტურისტული მომსახურებისათვის, დაკვალოს ახალი ტურისტული მარშრუტები, რეგულარულად მოაწყოს ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა და გადაჭრას ტურისტული საქმიანობის ხელშემწყობასთან დაკავშირებული სხვა ადგილობრივი საკითხები.

ცენტრის ფუნქციებში შედის აგრეთვე, ტურისტულ სამყაროსთან დაკავშირება, ტურისტების განთავსება ოჯახებში, მათი სატრანსპორტო საშუალებებითა და გამყოლებით მომსახურება, სვანეთის ფარგლებში ტრანსპორტირებისა და მარშრუტებზე მოძრაობის დროს გამყოლებით უზრუნველყოფა, ტურისტებისათვის კულტურულ-სანახაობითი პროგრამების შემუშავება და სხვა.

პროგრამას შესრულების პერიოდში აფინანსებს FES. პროგრამის დამთავრების შემდეგ SDC-ის მიერ შეძენილი შენობა, FES-ის მიერ დაკომპლექტებული აპარატურით და ტექნიკური აღჭურვილობებით უსასყიდლოდ გადაეცა SMTC-ს დამოუკიდებელი საქმიანობისათვის.


Copyright ©, 2006, ყველა უფლება დაცულია.