სვანები სვანეთის ძირითადი, ძირძველი მოსახლეობაა, აქვთ საკუთარი უდამწერლობო ენა, რომელიც ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. სვანეთი საქართველოს მრავალფეროვანი ეთნოკულტურული მოზაიკის ულამაზესი რგოლია.

სვანები და, ზოგადად, ქართველი მთიელები “გაშინაურებულნი” არიან მთასთან. გაზრდილი რისკფაქტორი, ზვავების, ღვარცოფების, მეწყერების სიხშირე, კლიმატის ჭირვეულობა, მკაცრი ზამთარი და ა.შ. მთიელისაგან მოითხოვს დიდ გამძლეობას, გამჭრიახობას და სიმარჯვეს. მათ მიერ მთაში საქმიანობის დროს გამოყენებული პრიმიტიული, მაგრამ ძალზე რაციონალური ტექნიკა აღტაცებას იწვევს. ამაში ყველა დარწმუნდება, ვინც ერთხელ მაინც შეავლებს თვალს მთიდან ხის მორების ჩამოტანას, დამრეც ფერდობებზე თივის ზვინების დაცურებას, ან გაჰყვება იქაურ ფეხმარდ მონადირეს. ამიტომ, ბუნებრივია, რომ სვანეთში მრავალი მაღალი კლასის მთამსვლელი და გამყოლი აღიზარდა. მარტო მიხეილ ხერგიანის სახელი რადა ღირს!

ქართველი მთიელები ძველთაგანვე სარგებლობდნენ კავკასიონის უღელტეხილებით, მიმოსვლა ჰქონდათ როგორც შიგა, ისე გარე მეზობლებთან. ქართველი მეფის ვახტანგ VI-ის ემიგრაცია რუსეთში 1200-მდე წარჩინებულთან ერთად (1724 წელს) უღელტეხილებით მასობრივი გადასვლის საუცხოო მაგალითია. მათი მარშრუტი ნოწარულის ხეობიდან გურძი-ვცეკის გადასასვლელითა (3400) და ფასტაგის მყინვარის გავლით დიგორიაში გადადიოდა. ეს მარშრუტი დღესაც ურთულეს სამთო-ტურისტულ მარშრუტთა რიცხვს მიეკუთვნება.

აღსანიშნავია აგრეთვე, რომ მყინვარწვერის კალთებზე ზღვის დონიდან 4100 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს ბეთლემის გამოქვაბული – უძველესი ქრისტიანული ძეგლი, განდეგილ წმინდა მამათა სალოცავი და საცხოვრისი.

ქართულმა ზეპირსიტყვიერებამ, თქმულებებმა და ლეგენდებმა შემოგვინახეს იმ ადამიანთა სახელები, რომლებიც ძველ დროში მწვერვალებზე ადიოდნენ. გადმოცემის თანახმად, ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში მღვდელ იოსებ მოხევეს მყინვარწვერიც (5033) კი დაულაშქრავს.

 



მიხეილ ხერგიანი
მიხეილ (მიშა) ხერგიანი (1932-1969), ქართველი ალპინისტი, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1963), სსრკ-ის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1967), ალპინიზმში სსრკ-ის სამგზის და კლდეზე ცოცვაში შვიდგზის ჩემპიონი. მთაზე ასვლისა და კლდეზე ცოცვის უბადლო ოსტატი. მეტად პოპულარული იყო საბჭოთა სივრცეში და მის ფარგლებს გარეთ.

  • 1976 წლიდან ტარდება ხერგიანის მემორიალური შეჯიბრება კლდეზე ცოცვაში.
  • 1969 წელს თურქესტანის ქედზე უსახელო მწვერვალს დაერქვა მისი სახელი.
  • 1971 წლიდან კლდეზე ცოცვაში საკავშირო შეჯიბრებაზე დაწესდა ხერიგიანის პრიზი.
  • 1978 წელს მზის სისტემაში აღმოჩენილ მცირე პლანეტას #3234 მიენიჭა ხერგიანის სახელი.
  • დაბა მესტიაში ფუნქციონირებს მიშა ხერგიანის სახლ-მუზეუმი, სადაც წარმოჩენილია მისი მოღვაწეობის სრული სურათი.

    დაბრუნდი უკან













    Copyright ©, 2006, ყველა უფლება დაცულია.