ადამიანის მთასთან დამოკიდებულება ეპოქების მიხედვით იცვლებოდა. ანტიკურ ხანაში და ადრეც, მთა მისტიფიცირებული იყო - მას ღმერთების საბრძანებლად მიიჩნევდნენ, მსგავსად ბერძნების ოლიმპოსა, ისრაელიანების სინისა, ბუდისტების კაილასისა და ა.შ. ამის გამო, მთას მორიდებით და ხშირად შიშითაც კი შეჰყურებდნენ. სვანები ამბობდნენ, რომ უშბაზე ასვლა არ შეიძლება, ვინც ამას გაბედავს - ღმერთი დასჯისო. მაგრამ შიში ყოველთვის ვერ თრგუნავდა ცნობისმოყვარეობას და მთის დალაშქვრის სურვილი ძველთაგანვე უჩნდებოდათ რჩეულთ.

მთისადმი განსაკუთრებული ინტერესი მეცნიერების საბუნებისმეტყველო დარგების ინტენსიურ განვითარებასთანაა დაკავშირებული. სწორედ მთის პირველი მკვლევარები მიიჩნია კაცობრიობამ ალპინისტებად. ესენი იყვნენ შამონელი მონადირე ჟაკ ბალმა და ახალგაზრდა ექიმი- მიშელ პაკარი, რომლებიც ცნობილი ბუნებისმეტყველის, ორასტ ბენედიქტ სოსიურის წაქეზებით, 1786 წელს მონბლანზე ავიდნენ. მომდევნო წელს, ადგილობრივი გლეხების დახმარებით, თავად სოსიური ავიდა ალპების უმაღლეს მწვერვალზე, აიტანა სამეცნიერო აპარატურა და დაიწყო მყინვარებზე დაკვირვება. ამგვარად, ოფიციალურად ალპინიზმი, როგორც მთების კვლევის უპირველესი ინსტრუმენტი და გლაციოლოგია - მეცნიერება მყინვარების შესახებ - ტყუპებივით ერთდროულად დაიბადნენ.

ალპინიზმი თავდაპირველად, მთების გამოკვლევის საშუალება იყო, როგორც სპორტის სახეობა, იგი მოგვიანებით ჩამოყალიბდა.

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან ალპებში მთამსვლელობამ მასიური ხასიათი მიიღო. მომრავლდნენ მკვლევარები, რომელთათვისაც მეცნიერული ინტერესები და მთაზე ასვლით გამოწვეული სიხარული ჰარმონიულად იყო ერთმანეთში შეხამებული. იმ ეპოქის მკვლევარ-ალპინისტთაგან განსაკუთრებით ცნობილნი არიან შოტლანდიელი ბუნებისმეტყველი ჯეიმს ფობსი, შვეიცარიელი - ჟან ლუი აგასისი, წარმატებული ინგლისელი მეწარმე და დაუღალავი მკვლევარი ფრენსის ტუკეტი. მან 18 წლის განმავლობაში ყველა ზაფხულის სეზონი ალპებში გაატარა, დალაშქრა 160 მწვერვალი, გადალახა 370 უღელტეხილი, თან ატარებდა მრავალ სამეცნიერო ხელსაწყოს, რომელთა ნაწილი თვითნაკეთი იყო.

იმ პირველ მეცნიერ-მკვლევართა შორის, რომლებიც კავკასიის და, კერძოდ, საქართველოს მთიანი სისტემებით იყვნენ დაინტერესებულნი, უნდა მოვიხსენიოთ: გერმანელი გეოლოგი ჰერმან აბიხი, ვინც მეცხრამეტე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში პირველმა მოხაზა კავკასიონის ძირითადი კონტურები და გამოიკვლია მისი გეოლოგიური აგებულება. ცნობილი გეოგრაფი და მოგზაური, დიდი ბრიტანეთის სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი, დუგლას უილიამ ფრეშფილდი. მან 1868 წელს პირველმა დაიპყრო მყინვარწვერი და იალბუზის აღმოსავლეთი მწვერვალი, 1896 წელს - თეთნულდი და იმავე წელს ლონდონში გამოსცა ორტომეული “კავკასიური გამოკვლევები”, რომელსაც თავის ფუნდამენტურობის გამო დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა.

კავკასიონს იკვლევდა ინგლისელი დ.კოკინი, რომელმაც 1888 წ. პირველმა დალაშქრა მიუვალი და გოროზი სამხრეთ უშბა, უნგრელი დეკი (მისი სამნაწილიანი წიგნი “კავკასია” 1905-1907 წლებში ბერლინში დაისტამბა), ინგლისელი ა. მამერი, მრავალი გამოკვლევისა და მშვენიერი წიგნის – “ჩემი ასვლები ალპებსა და კავკასიაში” – ავტორი, რომლის ინგლისური გამოცემა 1903 წელს ფრანგულადაც ითარგმნა. კავკასიონს მიუძღვნა თავისი ორნაწილიანი კაპიტალური ნაშრომი ("კავკასიის მაღალმთიანეთი", 1901 წ.) ცნობილმა გერმანელმა მთამსვლელმა და მკვლევარმა გოტფრიდ მერცბახერმა.

გამორჩეული როლი შეასრულა მწვერვალ უშბის დაპყრობის ეპოპეაში გერმანელი მთამსვლელის ადოლფ შულცეს ხელმძღვანელობით 1903 წელს მოწყობილმა ექსპედიციამ. შულცეს ჯგუფმა შეუპოვრობისა და პროფესიონალიზმის წყალობით, პირველმა დალაშქრა ჩრდილოეთი უშბა მარშრუტით, რომელსაც დღეს შულცეს გზა ეწოდება.

უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი კავკასიონის კვლევა-ძიებაში ცნობილ იტალიელ მთამსვლელს, მკვლევარსა და ფოტოხელოვანს, ვიტორიო სელას. მან სამჯერ (1889, 1890, 1896 წლებში) მოინახულა ცენტრალური კავკასიონი, უბანი, რომელიც მოიცავს კავკასიონის მთიანი მასივის ურთულეს მონაკვეთს მყინვარწვერიდან იალბუზამდე და კავკასიონის „გულად“ წოდებულ ყველაზე მიუვალ და მკაცრ რაიონს წარმოადგენს. ვიტორიო სელამ დალაშქრა მრავალი მწვერვალი, მრავალჯერ გადასერა კავკასიონის ქედი, აღწერა და ფოტოფირფიტაზე აღბეჭდა საქართველოს ულამაზესი კუთხეების - სვანეთის, რაჭისა და ხევის მთის ლანდშაფტი, ისტორიული სოფლები, არქიტექტურული ძეგლები, მაშინდელი ყოფა, რიტუალები და სხვა. იგი იყო კავკასიონის პირველი ფოტოდოკუმენტალისტი. მისი თავდაუზოგავი შრომის შედეგად შემოგვრჩა 400-ზე მეტი უმაღლესი ხარისხის 30X40 სმ ზომის ნეგატივი მეტად მნიშვნელოვანი კომენტარებით.

დიდი ღვაწლი მიუძღვით კავკასიონის კვლევა-ძიებაში რუს მეცნიერებსა და მოგზაურებს, ასევე სხვადასხვა დარგის ქართველ მეცნიერებს, რომელთაც დეტალურად შეისწავლეს საქართველოს მთიანეთის ყველა კუთხე-კუნჭული, საფუძვლიანად გამოიკვლიეს ჰიფსომეტრული და რელიეფური თავისებურებანი, თოვლ-ყინულოვანი მასივები, ჰიდროლოგია, ალპური ზოლის ბოტანიკა, სამთამადნო სიმდიდრეები, მთის ეთნოკულტურები და, რასაკვირველია, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივები.

1923 წელს პროფ. გიორგი ნიკოლაძის მეთაურობით პირველად საბჭოთა კავშირის სივრცეში დაიწყო მასობრივი ალპინისტური და სამთო-ტურისტული მოძრაობა.

კომუნისტურ პერიოდში სვანეთი ტურისტული სამყაროსათვის კარგად ცნობილ ტურისტულ კერას წარმოადგენდა. აქ მოქმედებდა სხვადასხვა სირთულის მრავალი გამჭოლი მარშრუტი, რომლებიც მეტად ლამაზი უღელტეხილებით ჩრდილოეთით, რუსეთის ფედერაციაში გადადიოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გამწვავებული პოლიტიკური ვითარების გამო, ეს მარშრუტები გაუქმდა, ფუნქცია დაკარგა და დაიშალა მასობრივი ტურიზმისათვის დამახასიათებელი ინფრასტრუქტურა (ტურისტული ბაზები, ალპური ბანაკები, სასტუმროები, თავშესაფრები და სხვა). სანაცვლოდ, ამჟამად ინტენსიურად ვითარდება საოჯახო ტურისტული ბიზნესი, რაც გულისხმობს ტურისტების ოჯახებში მიღება-მეურვეობას, სვანეთის ფარგლებში ავტოტრანსპორტით მგზავრობას, ახლად მარკირებულ ტურისტულ მარშრუტებზე ქვეითად ან ცხენით გადაადგილებას უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, კულტურული გარემოს გაცნობას, ბუნებრივი ძეგლების მონახულებას და სხვა.




დ.უ. ფრეშფილდი

ა.ფ. მამერი


ვ. სელა


ბესარიონ ნიჟარაძე
XIX საუკუნის ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, სვანეთის ისტორიის, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის მკვლევარი

ეგნატე გაბლიანი
(1881-1937).
სვანეთის განმანათლებელი და თავკაცი, სვანეთის ისტორიულ ძეგლთა დიდი ქომაგი, სვანეთის მუზეუმის დამაარსებელი და პირველი დირექტორი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. ჟურნალ-გაზეთებში ფართოდ აშუქებდა სვანეთის პრობლემებს. ავტორია რამოდენიმე წიგნისა, რომელთაგან გამოკვლევა "თავისუფალი სვანეთი" (1927წ.) ფუნდამენტალურ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მასალას შეიცავს. ე.გაბლიანი იყო ზუგდიდი-მესტია საავტომობილო გზისა და მესტიაში აეროპორტის მშენებლობის ერთ-ერთი ინიციატორი.


პროფ. ა. დიდებულიძის მიერ მოწყობილი პირველი სამეცნიერო ექსპედიცია კავკასიონზე. 1923წ.


იაგორ კაზალიკაშვილი და ნიკოლოზ ვავილოვი დაწვრილებით...


მაკრინე ქურდიანი - "უშბის დიასახლისი".
დაწვრილებით...


გიორგი ნიკოლაძე (1888-1931)
დაწვრილებით...

Copyright ©, 2006, ყველა უფლება დაცულია.