
მარშრუტის ზოგადი მახასიათებლები
შოვი - საქართველოს ერთ-ერთი ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტია. იგი მდებარეობს
კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღ. დ 1500 მ სიმაღლეზე, მდინარე
რიონის მარცხენა შენაკადის - მდ. ჭანჭახის ხეობაში, ონი-მამისონის საავტომობილო
გზის 31-ე კმ-ზე. ჭანჭახის აუზში შემავალი მდინარეები კავკასიონის მყინვარებით
იკვებებიან. მათგან უმთავრესია ბუბა და თბილისა, რომლებიც ოთხიათას მ სიმაღლის
მწვერვალების - ყარაუღომის, ბუბას, თბილისას და ჭანჭახის რაიონში ყალიბდებიან და
მის მისადგომებთან გადაშლილ უკიდეგანო ალპურ მდელოებთან ერთად საოცრად ლამაზ
გარემოს ქმნიან. შოვი განთქმულია სამკურნალო მინერალური წყლების სიმრავლითა და
გამოირჩევა ლანდშაფტური მრავალფეროვნებით. მისი შემოგარენი დიდი პოპულარობით
სარგებლობს სამთო ტურისტებსა და ალპინისტებს შორის.
მარშრუტის სიგრძე - 6 კმ-ია.
ხანგრძლივობა ერთი მიმართულებით - 4-5 საათი
სიმაღლეები: საწყისი - 1500 მ, ბოლო - 2300 მ
რეკომენდირებული პერიოდი - 15 ივნისი-20 სექტემბერი
მარკირება - კლდეებზე, ლოდებზე, ხეებზე 
მანძილი შოვიდან რაიონულ ცენტრამდე, ონამდე - 31 კმ, თბილისამდე - 350 კმ
|
 |
მარშრუტის დეტალური აღწერილობა
მარშრუტი იწყება შოვში სასტუმრო "მამისონიდან" (1). გზა მიუყვება მდინარე ბუბურას მარჯვენა ნაპირს და დაახლოებით 500 მეტრამდე მისდევს გზის ხელმარცხნივ გამავალ წყალსადენის მილს. გზად შეგვხვდება მინერალური წყლის წყარო (2), სამხრეთ-აღმოსავლეთით მოჩანს დოლამისის მთა. სტარტიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში გავდივართ ღელეში (3) და ფართო ბილიკით მივემართებით ჩრდილოეთის მიმართულებით. 1900 მეტრზე ბილიკი ორად იყოფა (4) - მარცხენა შტო ისევ ჩხრდილოეთით მიემართება და ფერმებში ადის, მარჯვენა, როგორც ამაზე ნიშნულები მიგვანიშნებს, ჩვენი მარშრუტია და გეზს აღმოსავლეთისაკენ იღებს. ტყეში შეგვხვდება გიგანტური პანტა (5). ბილიკიდან ხელმარცხნივ ბუბას ჯვრის ეკლესიის ნანგრევებია (6). გზა ტყიან ფერდობიდან მინდვრებზე გადის და 1950 მეტრზე გაივაკებს. აქედან მოჩანს: სამხრეთით - ჩხოტას ხეობა (7), დასავლეთით - შოდას ქედი (8) და ჩრდილოეთით - ბუბას მთის მასივი (9).
2100 მ შეგვხვდება მწყემსების ქოხები (10). შემდეგ ბილიკი ღელეს გადაკვეთს, არყნარში შედის, 2200 მეტრზე მშრალ ხევს ხელმარცხნივ შეუყვება და ალპურ მდელოებზე ადის (11). 2300 მ სიმაღლეზე ლოდზე დასმულია ნიშნული წარწერით 2300 მ.
აქედან გადაიშლება მთავარი კავკასიონის ქედის: ბუბა - თბილისას მონაკვეთის ულამაზესი პანორამა (12). 2300 მ სიმაღლეზე დიდ ლოდზე დასმულ ნიშნულთან მარშრუტი მთავრდება, მაგრამ თქვენი ფიზიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, შეგიძლიათ განაგრძოთ სვლა ნებისმიერი მიმართულებით, ტერიტორია უსაფრთხო და სასიამოვნოდ გასავლელია. მაგალითად, შეიძლება ახვიდეთ უახლოესი მყინვარის ენამდე, რასაც დაახლოებით კიდევ ორი - ორსაათნახევარი დასჭირდება.
|
|