მარშრუტის ზოგადი მახასიათებლები

მარშრუტი აკავშირებს დაბა მესტიას ბეჩოს თემის სოფლებთან მდ. დოლრას აუზში. მარშრუტის გაყოლებაზე მუდმივად ჩანს კავკასიონის ერთერთი მიუვალი და მკაცრი უშბა-მაზერის მთიანი მასივი. ეს მარშრუტი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც ასე გაახლოებთ უშბას.

მარშრუტის სახეობა: ქვეითი, საცხენოსნო
სიგრძე: 17 კმ
მგზავრობის ხანგრძლივობა (ქვეითად): 8 საათი
მარშრუტის სიმაღლეები: საწყისი/ბოლო: 1420/1650 მ
უმაღლესი ნიშნული: 2960 მ
გზის სახეობა: ბილიკი, სამარხილე გზა
სასურველი პერიოდი: 1 ივნისი - 15 ოქტომბერი
მარკირება: ხეებზე, ლოდებზე, ხის ბოძებზე



მარშრუტის დეტალური აღწერილობა

მარშრუტი იწყება მესტიის ცენტრში, ვიტორიო სელას ქუჩით გაივლის ლეხთაგის უბანში, გადის ღელეში და ხევ-ხევ მიუყვება შერეული ტყით დაფარულ აღმართს ცხაკზაგარის მთამდე, სადაც დგას კიდევ ერთი რკინის სანიშნე ბოძი (1). აქ ტყიანი ზოლი მთავრდება და მოძრაობა გრძელდება ალპურ მდელოებზე ლამააჯის ქედის მიმართულებით.

ლამააჯზე ბილიკი ორად იყოფა: ერთი მიემართება ჩრდილოეთით - ქორულდის ტბებისკენ, მეორე - ჩრდილო-დასავლეთით - გულის უღელტეხილისკენ. ამის შესახებ გვამცნობს აქ დადგმული რკინის სანიშნე - ბოძის (2) წარწერები.

მარშრუტიდან ჩანს: აღმოსავლეთით - თეთნულდის თოვლიანი მასივის ფონზე მულახის თემის სოფლები, ჩრდილოეთით - ორთავა უშბა, სამხრეთით - სვანეთის ქედი, ხოლო დასავლეთით - გულის უღელტეხილი, რომელიც უნდა გადავკვეთოთ.

ჩვენს წინ ღელეებით დასერილი ქვაბულია. ღელეები ქვემოთ ერთდებიან და პატარა მდინარედ ყალიბდებიან. მოძრაობას ვაგრძელებთ ქვაბულის თავზე. მარკირებისათვის გამოყენებულია ხის ბოძები. მხედველობის არეში მოხვედრილ ბოძებს შორის მანძილი 8-15 წუთის სავალზეა. სიმაღლე მერყეობს 2350-2400 მეტრის ფარგლებში. ქვაბულის ბოლოს ბილიკი ეშვება ხევში, რომელსაც გადავკვეთს ორი ღელის შეერთების ადგილას (3). ეს მონაკვეთი დამრეცი და რთულია. ღელედან ბილიკი მიემართება სანიშნე ბოძისაკენ, რომელიც დგას ქედზე 2450 მ-ის სიმაღლეზე (4). აქედან ბილიკი ქედს მიყვება, შემდეგ სანიშნე ბოძთან უხვევს მარჯვნივ და ადის უღელტეხილზე (5). უღელტეხილიდან ვაგრძელებთ მოძრაობას ხელმარჯვნივ შემდეგ ხის ბოძამდე (6). ხის ბოძიდან ვიწყებთ ზიგზაგით დაშვებას ბეჩოს თემისაკენ. აქედან უკვე ჩანს მდ. დოლრას ხეობა და ბეჩოს თემის სოფლები: ბაგვდანარი, ჭოხულდი, ტვიბიში, ნაშკოლი. 2460 მ სიმაღლეზე ბილიკი გადის პატარა ქედზე და ეშვება მწყემსების საზაფხულო ქოხებისაკენ (7). ქოხებიდან მარშრუტი კარგად გამოკვეთილი ბილიკით გაუვლის ფიჭვნარის კორომს ზემოდან და ჩადის ნასოფლარ გულში (8). გზად შეგვხვდება წმ. გაბრიელის ეკლესია და ნამოსახლარები. აქედან სამარხილე გზით ჩავდივართ სოფ. ბაგვდანარამდე (9) საავტომობილო გზაზე დასმულ რკინის რკინის ბოძთან. ამ ბოძიდან სოფ. მაზერამდე, სადაც თავდება მარშრუტი, ათიოდე წუთის სავალია.

Copyright ©, 2006, ყველა უფლება დაცულია.