
მარშრუტის ზოგადი მახასიათებლები
სვანეთი და რაჭა მოსაზღვრე მთიანი კუთხეებია. მათ შორის მიმოსვლა ოდითგანვე ხორციელდებოდა ლეჩხუმის ქედზე, “ვაცისწვერის” უღელტეხილზე გამავალი ბილიკით. ეს ისტორიული გზა მთავარ კავკასიონს გასდევს და საშუალებას იძლევა ვიხილოთ და დავტკბეთ კავკასიონის ერთ-ერთი მკაცრი, მიუვალი, მაგრამ ულამაზესი მონაკვეთით.
მარშრუტის სიგრძე: 28 კმ
მგზავრობის ხანგრძლივობა: 2 დღე
მარშრუტის სიმაღლეები: საწყისი/ბოლო 1840/1550მ
უმაღლესი ნიშნული: 2900 მ
უღელტეხილი - ორი: ლატფარი - 2500 მ; ვაცისწვერი - 2900 მ
სასურველი პერიოდი: 1 ივნისი-20 სექტემბერი
მარკირება - კლდეებზე, ქვებზე, ხეებზე 
მარშრუტზე უნდა ვიქონიოთ თოკი და ორი კარაბინი
|
 |
მარშრუტის დეტალური აღწერილობა
მარშრუტი იწყება ქვემო სვანეთში, "ზესხოს" ალპური ბანაკიდან (1), ზღ. დ. 1840 მ-ზე. ბილიკი მიუყვება მდ. ზესხურას ხეობას (2), მწყემსების ქოხებიდან გასდევს ზესხურას მარცხენა შენაკადს და გეზს სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ იღებს. ბილიკი ნეკერჩხლის ტყესა და ნამეწყრალ მონაკვეთზე გაივლის და ზღ. დ. 2200 მ-ზე ლაფურის ქედს მიადგება. აქედან უღელტეხილამდე (3) მარშრუტი რთულდება, ვინაიდან ნაშალზე და თოვლზე გადის.
უღელტეხილიდან (სიმაღლე 2500 მ) მოჩანს მდ. ცხენისწყლის ხეობა (4) ჩვენ ვიმყოფებით მდინარეების ზესხურასა და ცხენისწყლის აუზების წყალგამყოფ ქედზე. აქედან ბილიკი ცხენისწყლის ხეობაში ეშვება, სამარხილე გზას უერთდება და 1800 მ სიმაღლეზე ცხენისწყლამდე ჩადის.
ცხენისწყალზე გადასასვლელად უნდა შევარჩიოთ ისეთი მონაკვეთი, სადაც ნაპირზე არსებული თხმელის ხეები მდინარეზეა გადაწოლილი და ბოგირის ფუნქციას ასრულებს (5). იმ შემთხვევაში თუ მდინარე მოდიდებულია გადასვლის დროს უნდა გამოვიყენოთ თოკი.
მესაქონლეობის ფერმების ნანგრევებთან (6) მარშრუტი დასავლეთით, ლაფურის ღელეს მარჯვენა ნაპირს შეუყვება და 2350 მ სიმაღლეზე ჩრდილოეთით, ვაცისწვერის უღელტეხილისაკენ იღებს გეზს. ამ ადგილებში (7) შეიძლება ნახოთ არჩვი, ჯიხვი, შველი. აქვე შეიძლება ბანაკის მოწყობა, ცხენისწყალში და მის შენაკადებში ანკესით კალმახზე თევზაობა. ვაცისწვერის უღელტეხილით (8) მარშრუტი რაჭაში, რიონის ხეობაში გადადის. უღელტეხილიდან ჩრდილოეთით მოჩანს მწვერვალთა ჯგუფი: წურუნგალა, აილამა, ფიტნარგინი, ფასის მთა (9). უღელტეხილიდან ბილიკი ქედ-ქედ ეშვება ტბების მიმართულებით (10,11). სასვანო ტბიდან (12) ჩანს რიონის ხეობა, მისი ორი მარჯვენა შენაკადი და თუნუქით გადახურული ყოფილი თავშესაფარი (13), საითაც მარშრუტი მიემართება. მდ. სასვანოწყალში გასვლის შემდეგ (14) გზა მონაცვლეობით მინდვრებსა და ტყის კორომებზე გადის, გაივლის მწყემსების საზაფხულო დასახლებას ფაცხეურას (15), შიუკაჭალას (16) და სამეურენო გზით სოფ. ღებისკენ მიემართება.
|
|