
მარშრუტის ზოგადი მახასიათებლები
მარშრუტზე გავეცნობით ენგურის ხეობის ულამაზეს გარემოს და წვირმის
თემში შემავალ სოფლებს.
მარშრუტის სახეობა: ქვეითი, საცხენოსნო
სიგრძე: 16 კმ
მგზავრობის ხანგრძლივობა (ქვეითად): 7 საათი
მარშრუტის საწყისი სიმაღლე: 1400 მ
უმაღლესი ნიშნული: 2010 მ
გზის სახეობა: ბილიკი, სამარხილე გზა
სასურველი პერიოდი: 1 ივნისი - 15 ოქტომბერი
მარკირება: ხეებზე, ლოდებზე 
|
 |
მარშრუტის დეტალური აღწერილობა
მარშრუტი იწყება მესტიის ცენტრიდან, 500 მეტრში გადადის მდინარეების
მესტიაჭალისა და მულხურას ხიდებზე, სანიშნე ბოძთან, მარჯვნივ მოიტოვებს
მუზეუმს, შედის ტყეში და აღმართით მიუყვება მარკირებულ გრუნტის გზას.
მესტიიდან დაახლოებით მე-6 კილომეტრზე, ზღვის დონიდან 1850 მეტრზე
ნასოფლარ ხეშკილდთან (1) დგას სანიშნე ბოძი. აქ გზა ორად იყოფა - ერთი,
მარცხენა განშტოება, სამარხილე გზით მიდის ზურულდის მთისაკენ, მარჯვენა
განშტოება - მიემართება სოფელ იელისაკენ.
გზის სიმაღლის პროფილი მერყეობს 1750- 2000 მ ფარგლებში. ხელმარჯვნივ
მუდმივად ჩანს სვანეთის ქედი და მისი დათოვლილი მწვერვალები, პირდაპირ
შიგადაშიგ გამოჩნდება სოფლები - იელი, აცი, წვირმი, ზეგანი და მდინარე
ენგური, რომელიც 1400 მ სიმაღლეზე ღრმა კანიონში მიედინება.
მესტიიდან მეათე კილომეტრზე მარშრუტი გაივლის სოფელ იელიში (2). ეს
ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, სადაც დღემდე შემორჩენილია მდინარეებში
ცხვრის ტყავით ოქროს გამოლექვის ანტიკური მეთოდი (ე.წ. ოქროს საწმისი).
იელიში საავტომობილო გზა მთავრდება. სოფლის თავში მარშრუტი კარგად
გამოკვეთილი დამრეცი ბილიკით შედის ტყეში. 2010 მ-ზე ბილიკი ორად იყოფა
(3). ჩვენი ბილიკი (მარჯვენა განშტოება) მკვეთრად ეშვება, მალე გამოდის
ტყის ზოლიდან, მინდორ-მინდორ მიემართება ღელესაკენ, გადაკვეთს მას და უკვე
სამარხილე გზით მიდის სოფ. წვირმისაკენ, რომელიც ღელედან 15-20 წუთის
სავალშია.
სოფ. წვირმი (4) 1900 მ სიმაღლეზე, ზეგანზეა განლაგებული. იგი
გამოირჩევა კარტოფილის ნათესების სიუხვითა და ეკლესია-სალოცავების
სიმრავლით. სოფლის ცენტრში დადგმულ სანიშნე ბოძის მახლობლობაში საოჯახო
სასტუმროა, სადაც შეიძლება ღამის გათევა. აქ მარშრუტი მთავრდება.
წვირმიდან უნდა ვიმოძრაოთ გრუნტის გზით უღვირის უღელტეხილისკენ.
უღელტეხილზე, სანიშნე ბოძთან გადავკვეთთ მესტია-უშგულის საავტომობილო
გზას (5). აქედან შეიძლება დავბრუნდეთ მესტიაში საავტომობილო გზით
(მესტიამდე 12 კმ-ია), ან გავაგრძელოთ სვლა სამარხილე გზით რომელიც
შედის დაბურულ ტყეში და მდორე აღმართით 2370 მ-ზე სოფ. ჟაბეშიდან სოფ.
ადიშში მიმავალ ბილიკთან მიგვიყვანს. აქაც დადგმულია სანიშნე ბოძი.
აქედან სურვილისამებრ შეიძლება სვლა გავაგრძელოთ ჟაბეშისაკენ და იქედან
დავბრუნდეთ მესტიაში, ან წავიდეთ ადიშში და იქედან უშგულში. ჟაბეშამდე
3,5კმ-ია, ადიშამდე - 8,2 კმ.
|
|