მარშრუტის ზოგადი მახასიათებლები

სვანეთის ქედზე რამოდენიმე უღელტეხილია. მათგან ლატფარის უღელტეხილი ყველაზე დაბალი, მოკლე და მოსახერხებელია. იგი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა ზემო და ქვემო სვანეთში მიმოსასვლელად, როგროც ქვეითად, ასევე საჭაპანო ტვირთზიდვისათვის. განსაკუთრებულ შემთხვევებში ზამთარშიც გადადიოდნენ ბანდულების გამოყენებით. ფეოდალურ ხანაში ამ მონაკვეთზე გადიოდა მთავარი საკომუნიკაციო გზა, რომლის მეშვეობითაც ზემო სვანეთი დანარჩენ საქართველოს უკავშირდებოდა.

1875-76წ.წ. ლატფარის უღელტეხილით შევიდნენ ზემო სვანეთში მეფის რუსეთის დამსჯელი ექსპედიციები და ამ გზით გადაიტანეს სამთო არტილერიაც. ამჟამად ეს გზა მხოლოდ ადგილობრივი სამეურნეო დანიშნულებისათვის (თიბვა, შეშის დამზადება, ნადირობა) და ტურისტული მიმოსვლისათვის გამოიყენება. აქ უმეტესად შენარჩუნებულია ძველი სამარხილო გზის კვალი და ბილიკები.

მარშრუტის სიგრძე დაახლოებით 13 კმ-ია. იგი ქვეითად შეიძლება გავიაროთ ერთ დღეში.
მარშრუტის საწყისი ნიშნული 1780 მ-ია, ბოლო - 1250 მ, უმაღლესი - 2820 მ.
მესტიიდან სოფ. დავბერამდე, საიდანაც მარშრუტი იწყება საავტომობილო გზით - 28 კმ-ია; უშგულიდან - 10 კმ.
მარკირების ნიშნები შეგხვდებათ - კლდეებზე, ლოდებზე, ხეებზე
სოფ. ჭველფიდან ზესხომდე, საიდანაც იწყება მარშრუტი "ზესხო-ღები" - 32 კმ. ქვემო სვანეთის რაიონულ ცენტრამდე, ლენტეხამდე - 23 კმ.;



მარშრუტის დეტალური აღწერილობა

მარშრუტი იწყება კალის თემის სოფელ დავბერში მდინარე ენგურისა და მისი მარცხენა შენაკადის - მუშურისღელის შესართავთან. ღელის მარცხენა ნაპირთან დგას წყლის ძველი წისქვილი (1), ბილიკი მიუყვება მუშურისღელეს. პირველი ნიშნული დასმულია ბილიკის დასაწყისში ფიქალის კლდეზე, სიმაღლე ზღვის დონიდან – 1780 მ-ია.

შეუყვებით თანაბარ აღმართს მუშურისღელის მარჯვენა ფერდზე. 1800 მეტრზე გზიდან ხელმარცხნივ შეგხვდებათ წყარო. წყალი აქ უნდა მოვიმარაგოთ. მალე შეგვხვდება გზაგასაყარი. ჩვენ მარცხენა ბილიკს მივუყვებით. 2100 მეტრიდან კარგად ჩანს ჩვენს მიერ გავლილი გზა, ენგურის ხეობა და სოფლები დავბერი და იფრალი (2). ბილიკი არყისა და ნეკერჩხლის ტყეში გადის, გვხვდება ველური მოცვის ბუჩქნარი და მდელოები. 2300 მ-ზე ოდნავ გავივაკებთ არყნარისა და ბუჩქნარის მასივში და მდელოზე გავდივართ. ამ ადგილს “მარშანი ნადუქნარს” ეძახიან, რადგან აქ ადრე დუქანი ყოფილა, რომელიც ლატფარზე მიმავალ მგზავრებს ემსახურებოდა. მდელოდან ფართო გზით ისევ არყნარში შევდივართ; ნიშნულები დასმულია არყის ხეებზე.

2400 მ-ზე გზა ტყიდან გადის დეკის ბუჩქნარში. აქედან სამხრეთით მოჩანს მუშურის მთის მასივი (3), სამხრეთ-აღმოსავლეთით - ორი სარეტრანსლაციო ანძა. ვმოძრაობთ ანძების მიმართულებით.

2500 მ-დან ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩანს კალა-უშგულის გზის მონაკვეთი და უშგულის თემის სოფლები (4), ჩრდილოეთით - თეთნულდის თოვლიანი კონუსი (5), ჩრდილო-დასავლეთით - უშბის მასივი (6).

2600 მეტრზე გზა ორად იყოფა, ჩვენი მარშრუტი მარჯვნივ იღებს გეზს (7), გზად გვხვდება მონადირის ნიში (8). 2700 მეტრამდე აღმოსავლეთ ფერდობს მიუყვებით კარგად გამოკვეთილი, საკმაოდ ფართე და უსაფრთხო ბილიკით, რომელიც ბოლო აღმართამდე მიგვიყვანს. აღმართის გავლის შემდეგ ჩვენ უკვე ლატფარის ქედზე ვართ. მივუყვებით გზას სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. (2800 მ) ხელმარჯვნივ მოჩანს ტბა (9), მალე გამოჩნდება ქვით ნაშენები კოშკურა ნაგებობა (10). იგი აგებულია 2820 მ-ზე ზემო და ქვემო სვანეთის მიჯნაზე, უღEლტეხილის უმაღლეს წერტილში,. მსგავსი ნაგებობები მგზავრებისა და მონადირეების სივრცეში ორიენტაციის გასაადვილებლად შენდებოდა.

ლატფარის ქედიდან სამხრეთით მოჩანს გზა, რომლითაც ჩვენ ქვემო სვანეთისაკენ უნდა დავეშვათ. გზა მიუყვება დასავლეთის ფერდს. ქვემოთ გამოჩნდება მწყემსების ქოხის ნანგრევები (11). იქამდე სამი ბილიკი მიდის. მარკირებულია ფერდობზე ყველაზე მაღლა გამავალი ბილიკი. ქოხის ნანგრევებიდან ბილიკი დეკის ბუჩქნარში გადის. 2400 მ-დან მოჩანს ცხენისწყლის ხეობა, ტბა ჭველფის მთაზე და დასახლებული პუნქტები (12). ამ ადგილიდან გზა ფიქალით მოფენილ მონაკვეთზე გადის და შემდეგ ტბის მიმართულებით საკმაო დახრილობის ალპურ მდელოებზე სერპანტინებით ეშვება. ამ ფერდობის ძირში, არ მისული ტბამდე ღელეზე გადავალთ, აქვეა სასმელი წყალი.

ალპურ მინდვრებიდან ჩამოსვლის შემდეგ გზა გაივაკებს და არყნარში შედის. წყაროდან ტბამდე 100-200 მეტრია. ტბას მოვიტოვებთ ხელმარჯვნივ და ვეშვებით სოფელ ჭველფის მიმართულებით არყნარისა და ნეკერჩხლის შერეულ ტყეში გამავალი ბილიკით, რომელიც შემდეგ სამარხილე გზას უერთდება. 1950 მ. გზა გადის მდელოზე, სადაც ორი მესაქონლეების ქოხი დგას - ერთი თუნუქითაა დახურული, მეორე - ყავრით (14). ამ ადგილიდან დაახლოებით 1 კმ-ში სამარხილე გზა საავტომობილო გზას უერთდება, რომელიც ხე-ტყის საზიდად გამოიყენება. გზა გადის ფოთლოვან ტყეში.

1650 მეტრზე გზიდან ხელმარცხნივ შეგვხვდება ფიქალით ნაშენები სახლის ნანგრევები (15). შემდეგ გაუვლით შემოღობილ სათიბებს და 1250 მ სიმაღლიდან ვეშვებით ფართო ღელეში, აქედან დაახლოებით 500 მეტრში გავდივართ სოფ. ჭველფში. ჭველფიდან ნახევარ კოლომეტრში, ცხენისწყლის გაღმა ლენტეხი-ზესხოს ავტომაგისტრალია.

ჭველფიდან მწყემსების ქოხებამდე შეიძლება შეგვხვდეს ველური ფუტკარი.

Copyright ©, 2006, ყველა უფლება დაცულია.