
მარშრუტის ზოგადი მახასიათებლები
მარშრუტი წრიულია, იგი მიზნად ისახავს მესტიის შემოგარენისა და მისი
ისტორიული უბნების - ლეხთაგისა და ლანჩვალის გაცნობას.
მარშრუტის სახეობა: ქვეითი, საცხენოსნო
სიგრძე: 16 კმ
მგზავრობის ხანგრძლივობა (ქვეითად): 7 საათი
მარშრუტის საწყისი სიმაღლე: 1400 მ
უმაღლესი ნიშნული: 2010 მ
გზის სახეობა: ბილიკი, სამარხილე გზა
სასურველი პერიოდი: 1 ივნისი - 15 ოქტომბერი
მარკირება: ხეებზე, ლოდებზე 
|
 |
მარშრუტის დეტალური აღწერილობა
მარშრუტი იწყება მესტიის ცენტრში, ვიტორიო სელას ქუჩით გაივლის
ლეხთაგის უბანში, გადის ღელეში და ციცაბო აღმართით, ტყე-ტყე მიემართება
ჩრდილოეთით, ცხაკზაგარის მთისაკენ.
2200 მ-დან იწყება ალპური ზონა. აქედან იშლება უჩვეულოდ ლამაზი
პანორამა: სამხრეთით ჩანს სვანეთის ქედი და დაბა მესტია, ჩრდილოეთით
– ალპური მდელოები და კლდოვან მთათა სისტემა, რომელიც ბჟედუხის თოვლის
ბურთით მთავრდება, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით ორთავა უშბა. აქ შეგვხვდება
პირველი რკინის სანიშნე ბოძი (1), რომელიც არჩევანის საშუალებას
გვაძლევს: შეგვიძლია განვაგრძოთ გზა და მოვინახულოთ მაღალმთიანი
ქორულდის ტბები, ან დავბრუნდეთ მესტიაში ლანჩვალის გზით.
პირველ შემთხვევაში ვაგრძელებთ მოძრაობას ჩრდილოეთით ე.წ.
ლამააჯამდე, სადაც დადგმულია მეორე რკინის სანიშნე ბოძი (2), რომელიც
განსაზღვრავს ჩვენი შემდგომი მოძრაობის მიმართულებას. გზად ჩაუვლით
მწყემსების ხის საზაფხულო ქოხებს, სადაც შესაძლებელია შესაბამისი
ანაზღაურებით დავაგემოვნოთ ეკოლოგიურად სუფთა რძის პროდუქტი.
ვმოძრაობთ ალპურ მინდვრებში კარგად გამოკვეთილი ბილიკით ქორულდის
ტბებიბისაკენ. მოძრაობას გვიადვილებს ხის სამარკირე ბოძები. ირგვლივ
მთებია: პირდაპირ ჩრდილოეთით ჩანს უშბისა და ჩათინის მთიანი მასივი,
მარჯვნივ, დალაყორას კლდოვანი ფერდობები და მდინარე მესტიაჭალის
ხეობა, აღმოსავლეთით ბანგურიანის მთა და უფრო შორს თეთნულდის
თოვლიანი კონუსი, სამხრეთით - სვანეთის ქედი. 2740 მ-ზე ზღვის
დონიდან მივალთ ქორულდის ტბებთან (3).
აქედან იგივე ბილიკით ვეშვებით პირველ სანიშნე ბოძამდე (1),
საიდანაც ვმოძრაობთ მესტიისაკენ, ლანჩვალის მიმართულებით. დიდ რკინის
ჯვართან (4) გავდივართ გრუნტის საავტომობილო გზაზე, ჩაუვლით
მწყემსების ხის საზაფხულო ქოხებს და სათიბების გავლით მივდივართ
მდ. მესტიაჭალის ხეობისაკენ. 1900 მ-ზე (5) მარშრუტი ისევ გრძელდება
სამარხილე გზით. იგი გადაკვეთს ღელეს და შედის ტყის ზოლში, გაივლის
ხევში ხის მორებით გამაგრბულ ჯებირზე, საიდანაც კარგად ჩანს მესტიის
ძველი უბანი ლანჩვალი, საითკენაც ნაშალზე გავლით ვეშვებით.
|
|