მარშრუტის ზოგადი მახასიათებლები

მარშრუტი ლატფარის უღელტეხილით აკავშირებს ზემო სვანეთის ყველაზე მაღლა მდებარე უშგულის თემის სოფლებს ქვემო სვანეთის სოფელ მამთან. იგი საშუალებას იძლევა დაბრუნდეთ თბილისში ახალი გზით სვანეთის ქედის ულამაზეს გარემოსა და ლენტეხის გავლით, რაც 120 კმ-ით ამოკლებს მანძილს თბილისამდე.

მარშრუტის სახეობა: ქვეითი, საცხენოსნო
სიგრძე: 23 კმ
მგზავრობის ხანგრძლივობა (ქვეითად): 8 საათი
მარშრუტის სიმაღლეები: საწყისი/ბოლო: 2050/1100 მ
უმაღლესი ნიშნული: 2900 მ
გზის სახეობა: ბილიკი, სამარხილე გზა
სასურველი პერიოდი: 1 ივნისი - 15 ოქტომბერი
მარკირება: ხეებზე, ლოდებზე, ხის ბოძებზე



მარშრუტის დეტალური აღწერილობა

მარშრუტი იწყება უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშში ხიდთან დადგმულ რკინის სანიშნე ბოძიდან (1), გაივლის უშგულის ეთნოგრაფიულ მუზეუმთან, მდინარე ენგურის გასწვივ ეშვება სოფელ მურყმელისაკენ (2), ღელესთან უხვევს ხელმარცხნივ და სამარხილე გზით ადის მთაში. 2150 მ სიმაღლეზე ღელე იყოფა ორ შენაკადად. მარშრუტი მიყვება მარცხენა შენაკადს (3).

2350 მ სიმაღლეზე გზა გადის როდოდენდრონების ბუჩქნარში (4). მარკირებისათვის გამოიყენება ხის ბოძები. 2600 მ სიმაღლეზე ხის ბოძიდან (5) ხელმარჯვნივ მარშრუტი თითქმის ჰორიზონტალურად მიყვება კარგად გამოკვეთილ ბილიკს გორვაშის უღელტეხილის მისადგომებამდე (6) და ადის უღელტეხილზე (7), სადაც დგას რკინის სანიშნე ბოძი წარწერებით. ჩრდილოეთით მოჩანს მთავარი კავკასიონის მწვერვალები, პირდაპირ - სვანეთის ქედზე ფიქალის ქვის ბრტყელი კლდე, საითაც მიემართება მარშრუტი. სიმაღლე მერყეობს 2750-2890 მ ფარგლებში. ბილიკი ხელმარჯვნივ მოიტოვებს კლდეებს შორის მოქცეულ პატარა ტბას (8), კლდეებს გვერდს აუვლის მარცხნიდან და მიადგება მეორე ტბას (9), რომელსაც გაუვლის მარცხნიდან. მარშრუტი გრძელდება თითქმის ჰორიზონტალურად, შემდეგ სერპანტინით ადის მარჯვნივ კეხზე, საიდანაც გამოჩნდება მესამე ტბა (10) და ორი კოშკის ფორმის ქვებით აგებული ნიშა. აქვე დგას რკინის სანიშნე ბოძიც ოთხი მიმართულების მაჩვენებელი აბრით: ,,უშგული”, ,,მამი”, ,,იფრალი”, ,,ჭველფი”. ეს ლატფარის უღელტეხილია. უშგულიდან ლატფარამდე 3,5 საათის სავალია.

ლატფარის უღელტეხილიდან ბილიკი სვანეთის ქედის სამხრეთ ფერდობით ეშვება სოფელ მამისაკენ. ბილიკი მიყვება კლდოვან რელიეფს, მარკირებულია ქვებზე, კლდეებზე და კარგად იკითხება. სამხრეთით მუდმივად ჩანს მდინარე ცხენისწყლის ხეობა და ქვემო სვანეთის სოფლები სხვადასხვა რაკურსით. გზა გადაკვეთს რამოდენიმე ღელეს და 2600 მ სიმაღლიდან ვრცელი იალაღებით ეშვება დაბლა (11). ამ მონაკვეთზე ბილიკი მარკირებულია ხის ბოძებით. 2200 მ-ზე მარშრუტი შედის ტყეში (12). ტყეში შესასვლელთან ბილიკის ხელმარჯვნივ არის წყარო, ცოტა დაბლა მინდორში დგას მწყემსების ორი საზაფხულო ქოხი (13). მათგან ერთ-ერთი კარგ მდგომარეობაშია. აქ შეიძლება შეისვენოთ კიდეც. ამის შემდეგ ბილიკი ტყე-ტყე ეშვება სოფელ მამისაკენ და დაახლოებით 1 საათის სავალზე ჩადის სოფელში (14).

_
Copyright ©, 2006, ყველა უფლება დაცულია.