მარშრუტის დეტალური აღწერილობა
დაბა მესტიის ცენტრიდან საავტომობილო გზით მივყვებით მდინარე
მესტიაჭალის მარცხენა ნაპირს. დასახლებული პუნქტის ბოლოს, გზიდან
მარცხნივ შევნიშნავთ ხე-ტყის სახერხ პატარა ქარხანას, მარჯვნივ -
ფუნქციადაკარგულ მესაქონლეობის ფერმის რამდენიმე ნაგებობას. ერთ-ერთი
წითლად შეღებილი თუნუქითაა დახურული. გზის მარჯვნივ, ბოლო შენობის
კედელზე ყვითელი საღებვით გაკეთებულია წარწერა – START – 1490, რაც
მარშრუტის დასაწყისს ნიშნავს.
გზის გასწვრივ, ჩრდილოეთით მოჩანს დალაყორას კლდოვანი მასივი (3430მ).
მის ძირში ერთდებიან მდინარეები მესტიაჭალა და ჭალაადი. ჩვენ უნდა
მოვხვდეთ ამ ხეობათა შესაყართან და გავაგრძელოთ სვლა დასავლეთით
ჭალაადის ხეობით, ჭალაადის მყინვარამდე.
მარშრუტი მიყვება საავტომობილო გრუნტის გზას და დაახლოებით 15-20 წუთის
სავალზე სოფ. ლავლადაშამდე ნიშნულები არ გვხვდება. დალაყორას მასივამდე
მოძრაობას განვაგრძობთ ისევ გრუნტის გზით. ალაგ-ალაგ არის
მითითებულია მოძრაობის მიმართულება. ზღვის დონიდან 1600მ შეგვხვდება
ნიშნული, აქვეა სასმელი წყალი. სტარტიდან დაახლოებით მე-5 კილომეტრზე
1650მ ზ.დ. გზის მარცხნივ შევნიშნავთ მავთულბადეებითა და ქვებით ნაშენ
ნაპირდამცავ ზოლს. ამ ადგილას მდ. მესტიაჭალას, რომელიც ლეღზირის
მყინვარიდან იღებს სათავეს და ჩრდილოეთიდან მოედინება, უერთდება
მარჯვენა შენაკადი – მდ. ჭალაადი.
ამ ადგილიდან ჩვენს პირდაპირ ჩანს: დალაყორას ფერდობი, მარცხნივ
სიღრმეში მწვერვალ ჩათინის (4370მ) ფონზე - ჭალაადის მყინვარი,
საითაც ვაგრძელებთ მოძრაობას.
მდინარეების შესართავიდან 200 მეტრით ზემოთ გავივლით ხის პრიმიტიულ
შლაგბაუმს და ვიწრო კიდული ხიდით გავდივართ მესტიაჭალის მარჯვენა
ნაპირზე (1680მ). აქედან ჩრდილოეთით მოჩანს მესტიაჭალის ხეობა
და მწვერვალი ულუთაუჩანა. ბილიკით შევდივართ ტყეში და სულ მალე
მოვხვდებით მესაზღვრეების ქოხთან. ტყე-ტყე მივყვებით ბილიკს,
შევდივართ ჭალაადის ხეობაში და ვმოძრაობთ მდინარის მარცხენა
ნაპირზე დინების საწინააღმდეგოდ.
ხიდიდან 20 წუთის სავალში დაახლოებით 1750 მეტრზე ზღვის დონიდან შეგვხვდება გზის გასაყარი. ნიშნულების თანახმად, ჩვენ გავყვებით მარცხენა შტოს, ავუვლით ქოხის ნანგრევებს და არყნარს. აქ ზღვის დონიდან 1800მ მარშრუტი გადის ქვა-ღორღიან ადგილზე. ამის შემდეგ ნიშნულები დატანილია ლოდებზე. აქედან კარგად ჩანს მწვერვალი ჩათინი, რომლის სამხრეთ ფერდობებზეც ყალიბდება ჭალაადის მყინვარი. უნდა აღინიშნოს, რომ ჩათინის ჩრდილოეთი კედელი, რომელიც ალპინისტურ ლიტერატურაში ჩათინის რომბის სახელითაა ცნობილი, ითვლება კავკასიონის ურთულეს ალპინისტურ ობიექტად - აქ ძველი, კომუნისტური დროის კლასიფიკაციით უმაღლესი მე-5 და მე-6 კატეგორიიის თხუთმეტამდე ალპინისტური მარშრუტი იყო გაკვალული.
ჩვენ ვაგრძელებთ მოძრაობას ჩათინის მიმართულებით და 1920მ ზღვის დონიდან
გავდივართ ფინიშზე. აქედან ჩანს ჭალაადის ყინულვარდნილი და გლეტჩერული
ჩამონატანი, საიდანაც სათავეს იღებს მდ. ჭალაადი.
|