მომლოცველთა პროგრამა


I დღე ჩასვლის დღე
II დღე მესტიის დათვალიერება

მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი:

მუზეუმი დაარსდა 1936 წელს, სადაც დაცულია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, ძველი ქართული ხელნაწერების მდიდარი კოლექცია, რომელთა შორის განსაკუთრებულია: "ადიშის ოთხთავი" (897 წ.), "იერუსალიმის განჩინება" (X ს.), "მესტიის ოთხთავი" (1033 წ.), სახარების სხვა უძველესი რედაქციები, ქართული ჭედური და ფერწერული ხელოვნების არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი. ექსპონატების ქრონოლოგია III ათასწლეულიდან იწყება.

ლაღამის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი ორსართულიანი ნაგებობაა გარე მოხატულობით. საბჭოური ეპოქის რღვევის პერიოდში ის მოქმედი გახდა. 1988 წლიდან ფერისცვალების დღესასწაულზე (19 აგვისტოს) ტაძარში აღევლინება ლიტურგია. ტაძრის პირველი სართული მცირე ზომის ბაზილიკაა – დიდ მოწამე ქალწულის ბარბარეს (ბარბლაშ) სახელობის, რომელიც მე-9 საუკუნით არის დათარიღებული. მასში შემორჩენილია ფრესკული მხატვრობის ფრაგმენტები. გამოკვეთილად ჩანს მხატვრობის ორი შრე.

მე-2 სართული XIII-XIV საუკუნეებშია დაშენებული, მორთულია ლამაზი ფრესკული მხატვრობით, ტაძარში დაცულია, აგრეთვე, XIII საუკუნის მაცხოვრის (პანტოკრატორი) ოქრო-ვერცხლის ჭედური ხატი. ტაძრის გარეთა კედელზე მკაფიოდ შეინიშნება მხატვრობა, ჩრდილო ფასადზე გამოსახულია “ადამისა და ევას განდევნა სამოთხიდან”, ხოლო აღმოსავლეთით “წმ. ევსტაფეს ნადირობა”.

სეტის წმ. გიორგის (ჯგრაგის) ეკლესიის შემოგარენის განლაგება და ტოპონიმიკა აშკარად მიგვანიშნებს ოდესღაც არსებული მონასტრის შესახებ. დღეს არსებული რუსული არქიტექტურის ტაძარი XIX საუკუნეშია აშენებული. ის დგას X-XI საუკუნეების ტაძრის საძირკველზე, რომელიც მოიხსენიებოდა ერთადერთ გუმბათოვან ტაძრად მთელს სვანეთში. ქართული ფრესკით გამშვენებული ტაძარი რუსებს დაუნგრევიათ და მის პარამეტრებში აუშენებიათ ახლანდელი ტაძარი. საბჭოთა ათეიზმის ხანაში ეს ტაძარი გახდა ძირითადი ბაზა სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმის დასაფუძნებლად. 1937 – 1995 წლამდე ამ ტაძარში მუზეუმის პირველი საგამოფენო დარბაზი იყო განლაგებული.

1995 წელს კი, ტაძარი მოქმედი გახდა და დღეს იგი მთავარი საკათედრო ტაძარია, სადაც რეგულარულად აღევლინება ლიტურგიული მსახურება. ტაძარში დაცული სიწმინდეებიდან აღსანიშნავია XI საუკუნის ჭედური ხელოვნების უნიკალური ჯვარი წმინდა გიორგის მოწამეობის გამოსახულებით, ასევე, XI საუკუნის უნიკალური წმ. გიორგის ოქრო-ვერცხლით ნაჭედი ხატი, სადაც ცხენზე ამხედრებული დიდმოწამე ლახვრით გმირავს დეოკლიტიანეს. აღსანიშნავია XIV ს. მაცხოვრის ფერწერული ხატი და სასწაულთმოქმედი ღვთისმშობელ მარიამის ხატი, რომელმაც სულ ახლახანს გამოუჩინა თავი მამა გიორგის. ის შეუსწავლელია და ზოგადი დამახასიათებელი ნიშნებით XII-XIII სს. შეესატყვისება.

სოფ. ლეხთაგის იოანე ნათლისმცემლის (ნათუმცველის) ეკლესია, რომლის შემოგარენი აშკარად მიგვანიშნებს აქ ოდესღაც არსებულ მონასტრის შესახებ. მცირე ბაზილიკა აშენებულია XIX საუკუნეში უძველესი ტაძრის ადგილზე. XX საუკუნის დასაწყისში იკარგება ცნობა ამ ტაძრის უძვირფასესი საგანძურის, კერძოდ დიდი ვერცხლის თევზის (კალმახი) ადგილსამყოფელის შესახებ. თევზ-ვეშაპის გამოსახულება ხშირად გვხვდება ქართულ ხალხურ ეპოსსა და რელიგიურ მოტივებში. ადგილობრივი მოსახლეობის ვარაუდით, საგანძური ტაძართან არსებული კოშკის შემოგარენში უნდა იყოს შენახული.

სოფ. ლეხთაგის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის (ლამარიის) ეკლესია ორსართულიანია – I სართულზე სარდაფის ტიპის 3 ოთახია განლაგებული, რომლებიც დღევანდელი მდგომარეობით საძვალეებად მოიაზრება. ტაძარი აშენებულია ჩართოლანების უბანში. ტაძრის მე-2 სართულზე, აფსიდაზე, ღვთისმშობლის ფრესკული ფრაგმენტებია. დასავლეთ და სამხრეთ კედლებზე კი, 9 ისტორიული პირია გამოსახული, მათ შორის პირნათელ ჯაფარიძე, მისი ოჯახის წევრები და აგრეთვე, დემეტრე ჩართველანი, რომლის გამოსახულებასაც ახლავს წარწერა “ამისა მაშენებელსა დემეტრე ჩართველანს, შეუნდოს ღმერთმან”. ამასვე ადასტურებს გადმოცემა იმის შესახებ, რომ ლეხთაგის “ლამარია” აშენებულია პაპი (ბაპი) ჩართველანების მიერ. რამოდენიმე წელიწადია ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. ტაძრის მხატვრობა დათარიღებულია XIV ს. I ნახევრით.

სოფ.ლანჩვალის მთავარანგელოზის (თარინგზელის) ეკლესია მდებარეობს მარგიანების უბანში. ტაძარი აღდგენილია XIX საუკუნეში. გადმოცემის თანახმად, ოდესღაც ძველი ტაძარი მეწყერს მთლიანად დაუფარავს, ტაძარი კი არ დანგრეულა. შემდგომ ტაძარი ზემოდან გაუხვრეტიათ და სიწმინდეები, უამრავი ხატ-ჯვრები წამოუბრძანებიათ იქიდან.

ამ სიწმინდეთაგან უძვირფასესი რელიქვია XI საუკუნის მაცხოვრის ხატია (პანტოკრატორი). წარწერა გვამცნობს, რომ ეს ნატიფი ხატი დამზადებულია გაზავაის ძის, გიორგის მიერ, იოანე დორობელასდძეს დაკვეთით. ხატზე გამოსახულია მაცხოვარი, რომელიც ლოცავს მარჯვენა ხელით – მაკურთხებელი მარჯვენა. ხელის ამგვარი მდგომარეობა ბიზანტიური ხელოვნების ნიმუშია, რომელიც იქ საბერძნეთიდან ჩავიდა. Eეს ახასიათებდა ამ ქვეყნების V-VI საუკუნეების ხატწერას. თარინგზელის ეს ხატი სვანეთშია დამზადებული და მაცხოვრის ამგვარი გამოსახულება სახასიათოა სვანეთისათვის, მაგრამ იშვიათია დანარჩენი საქართველოსათვის. ცნობილია კიდევ ერთი ასეთი არასვანური ხატი, რომელიც მეფე დემეტრეს ქალიშვილის, დედოფალ რუსუდანის შეკვეთით დამზადდა.

XX საუკუნის მიწურულს ბოროტმოქმედებმა ტაძარი მთლიანად გაძარცვეს.

მესტიის თავში მდებარე უფლის ერთ-ერთ უძველეს ფუსტის ტაძარში დღესასწაული აღინიშნება აღდგომიდან IV კვირას – განრღვეულის კვირიაკეს.

III დღე ლატალი

სოფელში სამოცდასამი ქრისტიანული ეკლესია დგას, უამრავი სიწმინდე, უძვირფასესი დაწერილი თუ ჭედური ხატი და ჯვარია. ტაძართა კედლები ნათლად ინახავენ X-XII საუკუნეთა ფრესკებს. სოფელში დაბრძანებულა წმინდა გიორგის ოქროს ჭედური ხატი, რომლითაც მეფე თამარი აკურთხეს მეფედ.

ამჟამად ლატალში მეტწილად დანგრეული, ოცდახუთამდე საგვარეულო ეკლესიაა. ბევრი მათგანი გზისგან მოშორებით, მთაშია აგებული. მათგან ყველაზე ცნობილია მაცხვარი, მაცხოვრის ეკლესია (სოფ. მაცხვარიში), თარინგზელი, მთავარანგელოზის ეკლესია (სოფ. მაცხვარიში), ჯგრაგი, წმინდა გიორგის ეკლესია (სოფ. ლანკვამი) და იენი (სოფ. იენაში).

ერთ-ერთი უძველესი წმინდა იონას წინასწარმეტყველის ეკლესია, ერთადერთია მთელს საქართველოში და ალბათ, მთელს მსოფლიოშიც დიდ იშვიათობას წარმოადგენს. წმინდა წინასწარმეტყველი იონა უფლის ურჩობისათვის ვეშაპის სტომაქში მოხვდა, სადაც იგი 3 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი ხსენება აღინიშნება 5 ოქტომბერს. ტაძარი მოქმედია.

მაცხვარის ეკლესია ამაღლებაზეა აგებული, რომლის ძირში მთავარი გზა გადის. ეკლესია XI – XII საუკუნეებისაა, ხოლო ოთხ ბოძზე განლაგებული სამრეკლო XVII – XVIII საუკუნეებს განეკუთვნება.

მაცხვარი მოიხატა 1142 წელს მიქაელ მაღლაკელის მიერ. გარდა სახარების ტრადიციული სიუჟეტებისა, ამ ეკლესიაში ნახავთ საინტერესო და განუმეორებელ ფრესკას, რომელზეც გამოსახულია დავით აღმაშენებლის ვაჟის, მეფე დემეტრე I-ის, აღსაყრდრება. იგი ერთადერთია დღემდე შემორჩენილ ფრესკათაგან, რომელმაც შემოგვინახა მეფე დემეტრე I-ის, იგივე ღირსი დამიანეს, საგალობლის „შენ ხარ ვენახი“ ავტორის, გამოსახულება.

ამ ტაძარში თავმოყრილია უმდიდრესი და უძველესი ხატ-ჯვრები. მათ შორის გამოირჩევა ბიზანტიური ტიპის, ვერცხლისაგან ნაჭედი უნიკალური საწინამძღვრე ჯვარი წმინდანთა მინანქრული გამოსახულებებით. ტაძარი საკათედროა და მუდმივად აღევლინება მსახურება.

თანღილის მთავარანგელოზის ტაძარი. ერთადერთი ტაძარი სვანეთში, რომელსაც ნაწილობრივ გუმბათოვანი ეკლესიის მოყვანილობა აქვს. ამ უძველესი ტაძრის აგებულებაში ამოიკითხება ჯვარიც, ნავიც და სეფისკვერიც. აქ მობრძანებულმა ერთმა მოძღვარმა აღტაცებით ბრძანა: “საოცარია კონტრასტი, ტაძრის გარეთა სიმწირისა და შიდა სივრცის სიდიადისა”. მართლაც, ამ “სეფისკვერისოდენა” ტაძარში 8 საუფლო დღესასწაულის და მრავალ წმინდანთა გამოსახულებებია დატეული. ტაძართან სამონასტრო მოღვაწეობაა დაწყებული.

ფერდობზე, 300 მეტრის სიმაღლეზე, მდებარეობს წმ. გიორგის ეკლესია, ჯგრაგი. ამ პატარა ტაძრის ფასადი ქვის რელიეფებით არის მორთული, რაც ზემო სვანეთში იშვიათად გვხვდება. აქ საუცხოო ფრესკებია. განსაკუთრებულად აღსანიშნავია საქართველოში არსებული უძველესი “შობის” გამოსახულება. კომპოზიციურად ის არსად არ მეორდება. წმინდანების შარავანდედი თეთრი, ნაცრისფერი და მეწამული ფერიისა, რაც დამახასიათებელია მთლიანად ქართული მონუმენტური მხატვრობისათვის, მაგრამ სწორედ ამ პაწაწინა ეკლესიაშია ეს პირველად გამოყენებული. შემორჩენილია გარე მოხატულობის ფრაგმენტებიც – წელამდე გამოსახული დეისუსი და მის ქვეშ მდგომარე მეომრები.

მაზერში გამგზავრება, უშბის ძირის დათვალიერება.

სოფ. ლენჯერი

მაცხვარის ეკლესია (ნესგუნი) X საუკუნის დასაწყისის ფრესკული მხატვრობით არის შემორჩენილი.

თარინგზელის ეკლესია შემორჩენილი XIV ს. გარე ფრესკებით, რომლებიც გადმოგვცემენ საერო სიუჟეტებს, ძირითადად ლეგენდას ამირანზე. ჩაჟაშის ეკლესიასთან ერთად ლენჯერის თარინგზელის ეკლესია ერთადერთია საქართველოში, სადაც შემორჩა ქართული მონუმენტური საერო მხატვრობა. ამ ტაძარში ძალიან კარგად სჩანს ფრესკული მხატვრობა - გამოსახულების იშვიათ ნაწილს წარმოადგენენ მეუდაბნოე მამები. საკურთხეველში დაცულია მსოფლიო მნიშვნელობის, წმინდა მამის წმ. მაქსიმე აღმსარებლის გამოსახულება, მღვდელმთავრის სამოსელით. მაქსიმე აღმსარებლის სხვა გამოსახულება საქართველოში არ მოიპოვება არც ფრესკაზე და არც ხატზე. ტაძარი მოქმედია და აქ ხშირად ტარდება წირვა-ლოცვა.

ლენჯერის ეკლესია მხერი.

IV დღე უშგული. ღვთისმშობლის მიძინების, ლამარიას ეკლესია. ევროპაში უმაღლეს ადგილზე მდებარე სოფელი უშგული და მისი შვიდივე ეკლესია, როგორც ამას გასული საუკუნის აღწერები მოწმობს, შემკული იყო დიდი რაოდენობით ჭედური და ფერწერული ხატებითა და ჯვრებით. ამჟამად მათი ნაწილი თავმოყრილია ჩაჟაშის მაცხოვრის ეკლესიაში, ნაწილი კი გადატანილია ეკლესიის მახლობლად კოშკში, რომელიც მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმის ფილიალს წარმოადგენს. უშგულის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი – ლამარია მოქმედი ეკლესიაა.
V დღე კალა, წვირმი, იფარი.

ქართველთა უდიდესი მეფის, დავით აღმაშენებლის თანამედროვე – სამეფო კარის მხატვარ თევდორეს სვანეთში თითქმის 40 წლის მანძილზე სხვადასხვა ინტერვალებით მოუხატავს სამი ეკლესია: იფრარის თარინგზელი (1096 წ.), კალის ლაგურკა (1111 წ.), ნაკიფარის ჯგრაგ (1130წ.). ეს ეკლესიები, ორ მეზობელ თემში – კალასა და იფარში მდებარეობენ. ხელოვნებათმცოდნეთა თვალსაზრისით, თევდორეს ან თევდორეს სკოლისა უნდა იყოს სვანეთის კიდევ ერთი ეკლესიის, წვიმრის მაცხოვრის ეკლესიის მხატვრობა, რომელიც იფარის მახლობელ სოფელ წვირმში მდებარეობს.

კალას თემის, სოფელ იფრარის მთავარანგელოზის ტაძარი, შიდა მხატვრობის გარდა, გამოირჩევა გარეთა ფასადის მოხატულობითაც. გარდა XI საუკუნის ფრესკებისა, აქ მოიპოვება ძველი ხატების ნიმუშებიც.

კალას თემში მდებარეობს თავისი სასაწაულმოქმედებით გამორჩეული წმიდა სალოცავი – ლაგურკა. “ლაგურკა” სვანური სიტყვაა და ნიშნავს წმინდა ადგილს. ტაძარი მაღალ გორაზე მდებარეობს და წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობისაა. დღესასწაული აღინიშნება 28 ივნისს. აქ თითქმის მთელი დასავლეთ საქართველო იყრიდა თავს. მომლოცველი ახლაც უამრავია. ტაძარი ადრინდელ წყაროებში მონასტრად არის მოხსენიებული: ”სადაც მეფის ასული თეკლა აღიკვეცა მონოზნად”. ტაძარი მოხატულია მეფის მხატვრის, თევდორეს მიერ 1111 წელს. ხშირად მეორდება კვირიკესა და ივლიტას ფრესკული გამოსახულებები. უამრავი და უძვირფასესი საგანძურია თავმოყრილი უძველესი ხატ-ჯვრებისა და სხვა სიწმინდეების სახით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეგრეთწოდებული – შალიანის ხატი, რომელზეც მინანქარსა და ოქრო-ვერცხლის ჭედურობით გამოსახულია მაცხოვრის ჯვარცმა. ხატი ბიზანტიური ხელოვნების ნიმუშია და წარმოადგენს სანაწილე ხატს, სადაც მაცხოვრის ცხოველსმყოფელი ძელის ნაწილები ყოფილა ჩაბრძანებული. ამ ხატს უამრავი სასწაულ-მოქმედება აღუსრულებია. უკვე რამოდენიმე წელიწადია ამ ტაძარში 28 ივლისს სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება, სადაც მორწმუნეებს საშუალება ეძლევათ, ემთხვიონ და თაყვანისცენ სიწმინდეებს.

ამ ტაძრის ძირში, მდინარის მეორე სანაპიროზე, მდებარეობს დიდმოწამე – ბარბარეს პატარა ტაძარი. ტაძარი XII საუკუნისაა და დამშვენებულია ფრესკული მხატვრობით.

VI დღე იფარის თემის წმ. დიდმოწამე გიორგის ნაკიფარის ეკლესია 1130 წელს არის მოხატული მეფის მხატვრის თევდორეს მიერ. ტაძარი შემკულია გარე მხატვრობითაც. ტაძარში მოიპოვება უნიკალური ხატ-ჯვრები, რომელთაგან გამორჩეულია XI საუკუნის ვერცხლზე შესრულებული წმ. გიორგის ჭედური ხატი. რამდენიმე ხატი შესრულებულია ასანა და თევდორე გვაზავაისძეს მიერ. ამ ტაძარში ინახავენ ოქროს პატარა ფიალას, საიდანაც საპატიო სტუმრებს “სვანურ” რახს სთავაზობენ. დღესასწაული აღინიშნება როგორც 6 მაისს, ასევე 27 ნოემბერს.

წვირმის მაცხოვრის ტაძრის მოხატულობა, რომელიც XI საუკუნეს მიეკუთვნება, ხელოვნებათმცოდნეთა მოსაზრებით, ასევე, თევდორეს მიეკუთვნება.

გარდა ზემოთ მოყვანილი სიწმინდეებისა, სვანეთი უამრავი წმინდა სავანეთი თუ მათი ნაშთებითა და ნანგრევებით არის მოფენილი, რაც მოწმობს იმაზე, რომ ამ მხარეში უძველესი დროიდან ჩქეფდა სასულიერო ცხოვრება და მოღვაწეობა.

VII დღე გამგზავრების დღე

Copyright ©, 2006, ყველა უფლება დაცულია.