მარშრუტის დეტალური აღწერილობა
მარშრუტი
იწყება სოფელ ტვებიშის
თავში მდინარე
დოლრაზე მდებარე
ხიდიდან (1600 მ. ზღვის
დონიდან). მთელი
მარშრუტი გაკვალულია
ყვითელი ფერის
საღებავით მონიშნული
ისრებით - ლოდებზე,
ხეებზე და ფირნიშებზე.
მარშრუტი
მიყვება მდინარე
დოლრას მარჯვენა
ნაპირს სამარხილო
გზით, გზის მარცხენა
მხარეს განთავსებულია
ხის მესერით შემორაგული
სათიბები. მარშრუტის
მარჯვნივ ჩანს
მაზერის პიკი და
სამხრეთ უშბა.
30 წუთის სავალზე
გვხვდება ღელე,
რომელიც შეიძლება
დამშრალიც იყოს.
აქედან გავდივართ
იელის ბუჩქნარში.
მარჯვნივ დავინახავთ
ქვებით ნაშენებ
მწყემსების თავშესაფარს.
15 წუთის შემდეგ
მჟავე წყლის წყაროა
ჭის სახით, მარჯვნივ
ჩანს მაზერის პიკი,
მან უკვე დაფარა
უშბა. ამის შემდეგ
გზა კვეთს მდინარე
დოლრას მარჯვენა
შენაკადს. მარჯვნივ,
შენაკადის გასწვრივ
ჩანს მაზერის ორი
ჟანდარმი, ხოლო
მარცხენა ფერდზე
– გადამწვარი წიწვოვანი
ტყის კორომი.
ზღვის
დონიდან 1700 მ-ზე გადავდივართ
დოლრას მეორე მარჯვენა
შენაკადზე. გზის
მარცხნივ ჩანს
თოვლიანი მთა
– ჩერინდა (3580 მ). აქედან
იწყება შესამჩნევი
აღმართი. სამარხილე
გზა მთავრდება
და ბილიკი შედის
წიწვოვან ტყეში.
დოლრას მარცხენა
ნაპირზე ჩამოდის
მყინვარული ენა
და მდინარე. დაახლოებით
1850 მეტრ სიმაღლეზე
გავივაკებთ, გავივლით
იელის ბუჩქნარს
და შემდეგ წიწვოვან
კორომს, რომელშიც
შერეულია არყის
ტყე. ვეშვებით
თავქვეზე, გავდივართ
ბუჩქნარში. ბილიკზე
გვხვდება გამორჩეულად
დიდი ლოდი. აქედან,
მარჯვენა მხარეს
უკვე ჩანს მარშრუტის
რთული მონაკვეთის
ნაწილი და ორი
ჩანჩქერი. ქვიანი
აღმართით ვაგრძელებთ
გზას და ისევ გავივაკებთ
უკვე ტყეში.
მარშრუტის
დასაწყისიდან
დაახლოებით ორი
საათის სავალის
შემდეგ გამოჩნდება
მარშრუტის რთული
მონაკვეთის სრული
პანორამა: ჩანჩქერების
პლატო, საიდანაც
თითქმის ერთი სიმაღლიდან
(2400 მ) წარმოიქმნება
ოთხი წყალვარდნილი,
მათ შორის სამი
მარცხენა მცირეა,
ხოლო კიდურა მარჯვენა
– მძლავრი. ჩვენ
უნდა მოვექცეთ
წყალვარდნილების
თავზე, გადავკვეთოთ
სამი მცირე წყალვარდნილი
და პარალელურად
შევუყვეთ მძლავრი
ჩანჩქერის წარმომქმნელ
ნაკადს უშბის მყინვარისაკენ.
ეს ხედი საშუალებას
გვაძლევს შევაფასოთ
ჩვენი შესაძლებლობები
და მივიღოთ გზის
გაგრძელების გადაწყვეტილება.
კიდევ
რამდენიმე წუთის
სიარულის შემდეგ
მივადგებით მდინარე
დოლრაზე გადებულ,
ხის მორებით აგებულ
კაპიტალურ ბოგირს.
ბოგირზე გასვლისთანავე
ბილიკი შედის ტყეში
და იქვე აღმოვჩნდებით
ხის მორებით აშენებულ
თავშესაფართან.
აქ ბილიკი იყოფა
ორ შტოდ – ერთი მიუყვება
მდ. დოლრას ხეობას
და მიემართება
ბეჩოს გადასასვლელისაკენ.
ამ მიმართულებით
თავშესაფარიდან
ორიოდე ნაბიჯში
არის ცივი სასმელი
წყალი. ჩვენი მარშრუტის
ბილიკი იწყება
ქოხიდან და მიემართება
მდინარე დოლრას
მართობულად. ბილიკი
შედის შერეულ ტყეში,
რომელშიც ჭარბობს
არყის ხე. ზღვის დონიდან დაახლოებით
2000 მეტრზე ტყიდან
გავდივართ ქიმზე,
რომლის ორივე მხარეს
შეინიშნება ნაზვავი,
შეგვხვდება მოგლეჯილი
ხეები. ამ მონაკვეთზე
მთელი ტყე ქიმის
ორივე მხარეს დაწოლილია.
არ არის გამორიცხული,
რომ ზაფხულშიც
ნაზვავში კიდევ
იყოს დარჩენილი
თოვლი (ეს დამოკიდებულია
მარშრუტის გავლის
პერიოდზე). ქიმზე
ბილიკი მიუყვება
ბალახოვან საფარს,
რომელიც შიგადაშიგ
იცვლება ლოდნარით.
ეს მონაკვეთი ყველაზე
დიდი დახრილობით
გამოირჩევა და
ერთ კილომეტრზე
დაახლოებით 450 მეტრი
სიმაღლის დაძლევა
მოგვიწევს. ქიმიდან
ზემოთ ვხედავთ
მარშრუტის ერთ-ერთ
მთავარ ორიენტირს
– ჩანჩქერების
პლატოს, რომლისკენაც
უნდა გავაგრძელოთ
მოძრაობა, ხოლო
ქვემოთ ჩანს ჩვენს
მიერ გავლილი გზა-
მდ. დოლრა, სოფ. მაზერი
და უფრო შორს სვანეთის
ქედის თოვლიანი
მწვერვალები.
ქიმის
თავში მოვხვდებით
მარცხენა პატარა
ჩანჩქერის ძირში,
საიდანაც ბილიკი
კლდოვანი ფერდის
გასწვრივ მკვეთრად
უხვევს მარცხნივ
და დაახლოებით
100 მ-ში ფრონტალურად
შეუყვება ციცაბო
თხემს. ეს, დაახლოებით
200- მეტრიანი მონაკვეთი
ყველაზე დახრილია
და ბალახით დაფარულ
ქვა-ღორღიან ფერდზე
გადის, რაც მოძრაობას
აფერხებს და სიფრთხილესაც
მოითხოვს, რათა
ქვა არ დავაგოროთ
და ჩვენს უკან
მომავალს საფრთხე
არ შევუქმნათ.
ამ ფერდის მარჯვნივ
დაბალი ფოთლოვანი
ტყეა, მარცხნივ
წიწვოვანი ტყე.
ბილიკი პარალელურად
მიუყვება ფოთლოვანი
ტყის ზოლს. მარშრუტის
მარცხენა მხარეს,
წიწვოვან ტყეში,
შეინიშნება ორი
კლდოვანი კონუსი.
ეს კარგი ორიენტირია,
ცოტა ქვემოთ ამ
კლდეებიდან ბილიკი
უხვევს მარჯვნივ
და შედის დაბალ
ფოთლოვან ტყეში,
რომლის ტრავერსის
შემდეგ მოვექცევით
მარცხენა პატარა
წყალვარდნილის
თავზე. გადავკვეთავთ
მას და შევდივართ
ისევ დაბალ ფოთლოვან
ტყეში. მისი გავლის
შემდეგ ვკვეთთ
მეორე წყალვარდნილის
წარმომქმნელ ნაკადს.
გავდივართ ალპურ
მდელოზე და მცირე
აღმართის გავლის
შემდეგ, მივადგებით
მესამე უფრო ძლიერი
წყალვარდნილის
წარმომქმნელ ნაკადს,
სიმაღლე 2500 მეტრია.
ჩვენ დავინახეთ
სამივე მცირე წყალვარდნილის
საწყისი წერტილები,
მაგრამ ვეღარ ვხედავთ
მეოთხე, მარჯვენა
უმძლავრეს წყალვარდნილს.
აქედან უკვე ჩანს
ორთავა უშბა.
მესამე წყალვარდნილის გავლის შემდეგ მივუყვებით თხემს,
რომლის მარცხენა მხარე, როგორც წესი, ნაზვავი თოვლითაა დაფარული.
სწორედ ამ ნაზვავი თოვლით იკვებება მესამე წყალვარდნილი.
დაახლოებით ნახევარი საათის სავალზე ბილიკი გაყვება
მძლავრი წყალვარდნილის წარმომქმნელი ნაკადის მარჯვენა
ნაპირს, რომელიც უშუალოდ უშბის მყინვარიდან იღებს
სათავეს. აქედან გავდივართ უშბის მყინვარზე (2700). ყინულოვანი
მორენის ორ დიდ ლოდზე ჩანს ფინიშის მაუწყებელი ყვითელი
წარწერა. ქვაზე მიკრულია ლითონის ძველი ფირფიტა,
რომელზეც ამოტვიფრულია რუსული ლექსი. მარჯვენა მხარეს
მოთქრიალებს უშბის მყინვარიდან გამომავალი მძლავრი ნაკადი.
აქედან კარგად მოჩანს უშბის მყინვარი.
ჩვენ მოვექეცით კავკასიონის დამატყვევებელი სილამაზის ბუმბერაზებს
შორის: ჩრდილოეთიდან დაგვყურებს შხელდას 11 მწვერვალისაგან
წარმოქმნილი კედელი (4390), დასავლეთიდან – ორთავა უშბის
გრანდიოზული კლდოვანი მასივი (4710 და 4690) და სამხრეთიდან მაზერის
პიკის (4012) ქარაფები.
მარშრუტი შესრულებულია, მის დასაძლევად დაგვჭირდა 6 საათი.
იგივე გზით ვეშვებით მშვიდად და 3 საათში ჩავდივართ ბანაკში.
მარშრუტზე მოგვიხდება რამდენიმე ადგილზე წყლის ნაკადის გადაკვეთა.
სასურველია გვეცვას სამთო ფეხსაცმელი, ვიქონიოთ სათხილამურო
ჯოხი და მუქი სათვალე.
* არსებობს მარშრუტის გავლის ორი ვარიანტი: 1) სავარაუდო ბანაკიდან
(სოფ. მაზერი, ჭოხულდი, ტვებიში) ქვეითად მთელი მარშრუტის გავლა;
2) მარშრუტის შედარებით მარტივი ექვსკილომეტრიანი მონაკვეთის ცხენებით
გავლა დოლრას ხიდამდე და რთული მონაკვეთის ქვეითად დაძლევა.
|
|