მარშრუტის დეტალური აღწერილობა
მარშრუტი იწყება უშგულის თემის სოფელ ჟიბიანში 2080 მ-ზე ზღვის
დონიდან. სოფლის თავში გორაკზე დგას სვანეთის ერთ-ერთი მთავარი
სალოცავი - ლამარია, რომლის ტერიტორიაზეც განთავსებულია წმინდა გიორგის
ეკლესია. ამ გორაკის ფერდზე კიდურა კოშკიან სვანურ სახლთან იწყება
მარშრუტი (გაკეთებულია სტარტის მანიშნებელი ნიშანი), ათი წუთის
სავალზე, ფერდზე დაშვების შემდეგ ხიდით (2060 მ. ზღვის დონიდან)
გადავდივართ მდინარე ენგურის მარჯვენა ნაპირზე და განვაგრძობთ
მოძრაობას დინების საწინააღმდეგოდ ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით.
მარშრუტის პირველი, შვიდკილომეტრიანი მონაკვეთი მიყვება გზას, რომელიც,
როგორც სვანეთის სხვა გზები, მეტად ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ მაინც
გამოიყენება ტრაქტორით ან მარხილით მთიდან თივის ჩამოსატანად და
ამდენად კარგად ჩანს. მთელი მარშრუტი მონიშნულია ყვითელი საღებავით
შესრულებული ისრებით, ძირითადად დიდ ქვებსა და ლოდებზე.
ხიდთან ახლოს გადავკვეთთ წყლის პატარა ნაკადულს – ენგურის პირველ
მარჯვენა შენაკადს, რომელსაც ადგილობრივები ნათკარვაშის ტვიბს
ანუ ღელეს ეძახიან. მარშრუტის დასაწყისიდან დაახლოებით ნახევარი
საათის სავალზე გადავკვეთთ მეორე პატარა შენაკადს – ლადგიმის ღელეს.
აქედან კარგად იმზირება ულამაზესი შხარა (5150). წინა პლანზე
მოჩანს თოვლ-კლდოვანი მთა, რომლის ფერდობებზეც, თითქმის მწვანე
ზოლამდე, ორი ნაზვავი ნაკადი ჩამოედინება (სეზონის მიხედვით).
მარჯვნივ ჩანს ნამყვამის მყინვარული პლატო, ხოლო მარცხნივ - შხარას
კედელი მყინვარითურთ. ეს პეიზაჟი კარგი ორიენტირია ჩვენი მოძრაობისათვის,
რადგან იგი თითქმის მთელ მარშრუტზე ჩანს. ჩვენ ვმოძრაობთ ამ
მიმართულებით და მიზნად ვისახავთ შხარას მყინვარის ძირში მოხვედრას.
2100 მეტრის სიმაღლეზე ენგურს უერთდება კიდევ ერთი, უფრო მძლავრი
ნაკადი – ფაყვლაში, რომლის ნაპირებიც დაჭაობებულია. სტარტიდან 50 წუთის
სავალზე ენგურის გაღმა შევნიშნავთ პატარა ტბას. აქედან 10 წუთის სავალზე
გადავკვეთთ პატარა ნაკადს. შემდეგ გზა ორად იყოფა – ერთი ადის მაღლა
სათიბებში, მეორე – ჩვენი მარშრუტია და ისევ ენგურის მარჯვენა ნაპირს
მიყვება. ამის შემდეგ გვხვდება გიგანტური ლოდი და ქვედა და ზედა
ლალხორაშის ღელეები. ამ ადგილის გასწვრივ ენგურის მარცხენა ნაპირზე
შეამჩნევთ დიდ ლოდნარს და იქვე მწყემსების ნაბანაკარს.
2300 მ-ზე მდინარე ენგურს მარცხენა შენაკადი უერთდება.
იგი სათავეს იღებს ნამყვამის მყინვარიდან. ჩვენი ბილიკი კვლავ
ენგურს მიყვება, 10 წუთის სავალის შემდეგ ტყეში შედის და ლოდნარს
მიადგება. მარშრუტის ეს მონაკვეთი ცალკეულ ადგილებში ქვა-ღორღიანია,
ბალახითაა დაფარული და მოძრაობისას სიფრთხილეს მოითხოვს ქვებზე
დაცურების თავიდან ასაცილებლად. კიდევ ოცი წუთი და ლოდნარის თავში
2390 მ-ზე ზღვის დონიდან მარშრუტის ბოლო მონაკვეთი გამოჩნდება. ჩვენ
მივადგებით ენგურის სათავეს.
შხარას მთიან მასივში სამი მყინვარული ნაკადი წარმოიქმნება,
რომლებიც ერთდებიან 3000 მ-ზე ზღვის დონიდან და ქმნიან შხარას
მყინვარს. მყინვარის ქვედა ნაწილი მორენებითაა დაფარული. მის
ბოლოში ხმაურით გამოსჩქეფს მდინარე ენგური.
გზის ცალკეულ მონაკვეთებზე წყალში გატოპვა მოგვიწევს, ამიტომ
სასურველია ვიქონიოთ სათანადო ფეხსაცმელი.
|