მარშრუტის ზოგადი მახასიათებლები

საცხენოსნო მარშრუტი იწყება მულახის თემის სოფელ ჟაბეშში, მიემართება სამხრეთით, გადაკვეთს მდინარეების - მულხურასა და ადიშისწყალის წყალგამყოფ მთათა სისტემას, ჩადის სოფ. ადიშში; იქედან სოფლების - ხალდესა და იფრალის გავლით გადადის მდ. ენგურის ხეობაში და მთავრდება უშგულში. მარშრუტი სამდღიანია და ითვალისწინებს ღამისთევას სოფ. ადიშში და იფრალში. მარშრუტის სიგრძე დაახლოებით 38-40 კმ-ია. იგი ორ უღელტეხილზე გადის და ამდენად ხასიათდება ცვალებადი ჰიფსომეტრიით - მაქსიმალური სიმაღლე 2700 მეტრია, მინიმალური–1690 მ.



1. ჟაბეში - ადიშის მონაკვეთი

მარშრუტი იწყება სოფელ ჟაბეშში მინერალურ წყაროსთან, სადაც ქვაზე დასმულია ნიშანი 1690. მარშრუტი გადის სამხრეთ-დასავლეთით და მიყვება სამეურნეო გზას. მარშრუტის დასაწყისიდან დაახლოებით 500 მეტრში შეგვხვდება ფიქალზე დასმული ნიშანი და ხელმარჯვნივ ლაღვის წმ. გიორგის ეკლესია.

ზღვის დონიდან დაახლოებით 2050 მ-ზე იწყება დეკას მასივები, აქვეა სასმელი წყალი. შევდივართ არყნარისა და დეკას ბუჩქნარის შერეულ ტყეში. აქედან ჩრდილოეთით დავყურებთ სოფ. ჟაბეშსა და ტვიბერის ხეობას, ჩრდილო-დასავლეთით მულხურას ხეობაში ბანგურიანის მთის ძირში მოჩანს მულახის თემის სოფლები _ ლახირი და ჭოლაში; აღმოსავლეთით ჩვენს პირდაპირ აღმართულია მწვერვალ თეთნულდის თოვლიანი კონუსი (4860). მოძრაობას განვაგრძობთ ისევ სამარხილე გზით. გავივლით წიწვოვანი და შერეული ტყის მასივს. ერთი საათის მგზავრობის შემდეგ შეგვხვდება გზის გასაყარი. აქ დეკის ბუჩქნარში არყის ხეზე დამაგრებულია ნიშნული ისრის გამოსახულებით, რომლის თანახმადაც ვმოძრაობთ აღმოსავლეთის მიმართულებით, აქედან ჩრდილოეთით ჩანს ბანგურიანის სამხრეთი კედელი, კომსომოლსკაიას პიკი, მარცხნივ _ უშბის მასივი, ჩრდილო-აღმოსავლეთით _ წანერი-ტვიბერის წყალგამყოფი ქედი.

მარშრუტი მიუყვება აღმოსავლეთით ქედ-ქედ ალპურ ზონას. სიმაღლე მატულობს და უკვე ვმოძრაობთ 2700 მ. მახლობლობაში ზაგარზე, ანუ ზეგანზე. აქედან გადავყურებთ მდ. ენგურის ხეობას, დასავლეთით შორს ჩანან სოფელი წვირმი, უღვირის უღელტეხილი, ზურულდის ქედი, ხოლო აღმოსავლეთით თეთნულდის თოვლიანი წვერი. ზეგანზე გვხვდება გზაგასაყარი. აღმოსავლეთის ბილიკი ისევ ზეგანს მიუყვება, მარჯვენა, სამხრეთით დაბლა ეშვება. ეს ჩვენი გზაა, რაზედაც ნიშნულიც მიგვითითებს. მალე ვკარგავთ სიმაღლეს და ორ კილომეტრში 2350 მეტრამდე ვეშვებით, სადაც ისევ გზის გასაყარი გვხვდება. ხელმარჯვნივ ბილიკი მესაქონლეობის ფერმებისკენ მიდის, რომელთაც ჩვენ რამდენიმე ასეულ მეტრში ვხედავთ. მეორე, ჩვენი შტო, დაბლა ეშვება. ხელმარცხნივ სათიბებია და მალე სოფ. ადიშიც გამოჩნდება. გავდივართ ღელეში და შევდივართ ადიშში, სადაც ცხენები უნდა დავასვენოთ და ღამე გავათიოთ.

ჟაბეშიდან ადიშამდე ცხენით დინჯი ტემპით 5-6 საათის სავალია.

2. ადიში-იფრალის მონაკვეთი

მარშრუტი იწყება სოფელ ადიშის თავში მდ. ადიშისჭალის მარჯვენა შენაკადზე გადასასვლელ ბოგირთან (2030). ბოგირის მარცხნივ ძველ კოშკზე დასმულია მაჩვენებელი ისარი. ბოგირიდან ხელმარცხნივ წყლის ძველი წისქვილია. მარშრუტი მიყვება მდ. ადიშისჭალის მარჯვენა ნაპირს.

აქედან ნახევარი საათის სავალზე გადავდივართ ღელეზე, ბილიკიდან ხელმარცხნივ დავინახავთ ჩანეშის წმინდა გიორგის ეკლესიას და კოშკის ნანგრევებს. აქედან დაახლოებით 200 მეტრში ბილიკი გადის ნაზვავზე, ნიშნულები დატანილია მდელოში არსებულ ქვებზე. ისევ შეუყვებით მდინარის მარჯვენა ნაპირს და სტარტიდან დაახლოებით 1 საათის სავალზე დავინახავთ ლარდაადის მყინვარს, რომელსაც ადგილობრივები ადიშის მყინვარადაც მოიხსენიებენ. ეს მყინვარი თეთნულდი-ადიშის მთიანი მასივის სამხრეთ კალთებზე ფორმირდება და 2400 მეტრამდე ჩამოდის. აქედან იღებს სათავეს მდ. ადიშისჭალა. სწორედ ამ ადგილის მახლობლად გადავკვეთთ მდინარეს და შევუყვებით ციცაბო ფერდს, რომელიც შერეული ტყითაა დაფარული. ბილიკს ჩხუტნიერის გადასასვლელისაკენ (2720) მივყავართ. ეს უღელტეხილი მდინარეების _ ადიშისჭალისა და ხალდესჭალის წყალგამყოფ გვალდის ქედზე გადადის. ეს მონაკვეთი რთულია და ხშირ შემთხვევაში ცხენიდან ჩამოქვეითება მოგვიხდება. ბილიკზე მოედინება პატარა ღელე, რაც დამატებით სირთულეს გვიქმნის. ჩხუტნიერიდან კარგად ჩანს ჩვენს მიერ ადიშიდან გამოვლილი გზა. უღელტეხილიდან ქედ-ქედ ვეშვებით მდ. ხალდესჭალის აუზში. 2400 მ-ზე შეგვხვდება გზის გასაყარი. ერთი ბილიკი აღმოსავლეთით მიდის, მეორე – სამხრეთით. აქ დასმული ნიშნული მიგვითითებს, რომ უნდა გავყვეთ ხელმარჯვნივ, სამხრეთით მიმავალ ბილიკს. ქვემოთ მოჩანს ფერმერთა საზაფხულო ქოხები. 2200 მ-მდე დაშვების შემდეგ მიუახლოვდებით მდ.ხალდესჭალის კალაპოტს და დავეშვებით მდინარის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ სოფ. ხალდემდე (1900). გზად შეგვხვდება გრძელი წყალვარდნილი.

ხალდე ტრაგიკული ისტორიით გამოირჩევა. იგი ცნობილია, როგორც მეფის რუსეთის წინააღმდეგ ამბოხების მოთავე. ამ სოფლის მოსახლეობამ სრული დაუმორჩილებლობა გამოუცხადა დამპყრობლებს, ბოლომდე იბრძოლა, რის საფასურადაც სოფელი თავის კოშკებიანად პირწმინდად გაანადგურეს. სოფელი მას შემდეგ წელში ვეღარ გაიმართა და აქ მხოლოდ ზაფხულობით ადის რამდენიმე ოჯახი. ხალდეს გმირებს სვანები დღესაც დიდი პატივით მოიხსენიებენ, მათზე შექმნილია შესანიშნავი სიმღერა _ ფერხული “გაუ-გავხე”.

ხალდედან კვლავ მდინარის მარჯვენა ნაპირით ვეშვებით სოფ. იფრალამდე, სადაც ჩვენი მარშრუტის II ეტაპი მთავრდება.

ჩვენ უკვე ვიმყოფებით მდინარე ენგურის ხეობაში, კალის თემში. აქედან სამხრეთით მოჩანს სვანეთის ქედი, რომელიც მდ. ენგურისა და ცხენისწყლის აუზების წყალგამყოფია. ამ მონაკვეთზე მუშურის უღელტეხილით შეიძლება ცხენისწყლის ხეობაში ანუ ქვემო სვანეთში, ლენტეხის რაიონში გადასვლა.

ჩვენს პირდაპირ, დასავლეთით, ენგურის გაღმა დაახლოებით 1,5 კმ მოჩანს სვანეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სალოცავი – წმინდა კვირიკეს ეკლესია. თუ თქვენ კიდევ შეგრჩათ ძალები, შეიძლება მოინახულოთ ეს ძეგლიც.

მანძილს ადიშიდან იფრალამდე 5-6 საათის განმავლობაში დავფარავთ.

3. იფრალი-უშგულის მონაკვეთი

მარშრუტის მესამე მონაკვეთი იწყება სოფ. იფრალიდან 1890 მ-ზე ზღვის დონიდან. ფირნიში უჩა მარგვლიანის სახლთან არის დასმული. აქედან ჩამოვდივართ სოფ.ლალხორში, საავტომობილო გზით ვმოძრაობთ ენგურის დინების საწინააღმდეგოდ და ძალიან მალე, შევდივართ სოფ.დავბერში, საიდანაც მივუყვებით სამარხილო გზას. 2000 მ-ზე შეგვხვდება გზის გასაყარი, მარჯვენა - საავტომობილო გზაზე ჩადის, მარცხენა – ფერდს მიუყვება. დასმული ნიშნული მიგვანიშნებს, რომ უნდა გავყვეთ მარცხენა განშტოებას. ჩვენ მივყვებით ტყიან კლაკნილ ფერდს და ვმოძრაობთ 2000-2200 მეტრ სიმაღლეთა ინტერვალში. აქედან დაახლოებით სამ კილომეტრში, შეგვხვდება წყარო. წყაროდან 200 მეტრში გზა ისევ ორად იყოფა – მარცხენა ადის მთაში, მარჯვენა აღმოსავლეთით ფერდზე გადის, საითკენაც ნიშნულიც მიუთითებს. ამის შემდეგ ბილიკი გადაკვეთს ღელეს, არყის ხეების “დერეფანში”. აქ საჭიროა ყურადღება, რათა მხედარი ხის ტოტებმა არ დააზიანოს.

200-300 მეტრის გავლის შემდეგ შეგვხვდება გზაჯვარედინი. ჩვენ ხელმარჯვნივ გავუხვევთ. აქვე ხელმარჯვნივ შევნიშნავთ მეხდაცემულ ნახევრად ხმელ ფიჭვის ხეს. სუსტი თავდაღმართით ვეშვებით მდინარე ენგურის ნაპირისაკენ. აქ სიმაღლე 2050 მ. ზღვის დონიდან დიდ ლოდზე დასმულია მარშრუტის დასასრულის ნიშნული. ერთ კილომეტრში უშგულის თემია, რომელიც ოთხ სოფელს (მურყმელი, ჩაჟაში, ჩვიბიანი და ჟიბიანი) აერთიანებს.

იფრალიდან 4-5 საათის მგზავრობის შემდეგ ჩვენს წინ გამოჩნდება საოცარი სანახაობა – აღმოვჩნდებით უშგულის შუასაუკუნოვანი კოშკების სამყაროში.


Copyright ©, 2006, ყველა უფლება დაცულია.